“კაცმა არ იცის, როგორაა დამონტაჟებული“ - არჩილ მუსელიანცის ადვოკატს საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის სანდოობაში ეჭვი ეპარება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სინდისის პატიმრის, არჩილ მუსელიანცის საქმესთან დაკავშირებით იმსჯელეს. ბრალდების მხარემ 7 მოწმე გამოკითხა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ, როცა მუსელიანცმა სათვალთვალო კამერები დააზიანა და დაწვა.
თუმცა, დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეში დევს მხოლოდ ერთი ვიდეო მასალა და პირს, რომელიც კადრებში ჩანს, სახე აქვს დაფარული და ვიდეოს ექსპერტიზა არ ჩატარებულა, შესაბამისად, უცნობია, როგორ დადგინდა, რომ კადრებში ნამდვილად არჩილ მუსელიანცი იყო.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, იმდენად ცუდადაა, კალიგრაფიული თვალსაზრისით შედგენილი, რომ ბევრი რამის ამოკითხვა დღემდე ვერ შევძელი. დღევანდელმა მოწმეებმა ბევრი ვერაფერი დაადასტურეს. ვიდეო მასალა, რომელიც ამოღებულია, პოსტივის ფბ გვერდიდან და რომელიც ათასჯერაა გადაჭრილი, კაცმა არ იცის, როგორაა დამონტაჟებული. იქიდან რა დაადგინეს და ვისი ხმა ემთხვეოდა, ამაზე წინასწარ ვერც პროკურორი, ვერც მოსამართლე და ვერც ადვოკატი ისაუბრებს“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა.
მუსელიანცის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით კი, საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ბრალდებულ არჩილ მუსელიანცის ხმა ისმის, ასევე ჩანს მისი მოქმედება.
პროკურორის თქმით, ასევე, ექსპერტიზებით დგინდება, რომ კონკრეტული ნივთი ცეცხლის წაკიდებით იყო დაზიანებული.
არჩილ მუსელიანცს ბრალი აქვს წარდგენილი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტზე. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირები დაკითხა, მათ შორის, გამომძიებლები და ექსპერტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე არსებული სურათი აღადგინეს და გვითხრეს, თუ რა ნახეს მისვლის შემდეგ, ასევე აღწერეს ის ნივთი, რომელიც ბრალდებულის მხრიდან ცეცხლის წაკიდებით არის დაზიანებული. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული იყო და წინააღმდეგობაში არ მოდის“,- ამბობს ის.
შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.