"ყურადღებას არავინ გვაქცევს, სახლი თავზე ჩამოგვენგრა" - სტიქიის ეპიცენტრში ჩარჩენილები შველას ითხოვენ
სტიქიის პირისპირ მიტოვებული ადამიანები - რამდენიმე დღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ რეჟიმმა რეგიონში არც ჯარი და არც სპეცძალები გაუშვა. რეჟიმი უმოქმედოა, ამიტომ ის, რაც არ გააკეთა ხელისუფლებამ, აკეთებს ხალხი.
სოციალურ ქსელებში სტიქიის ეპიცენტრში ჩარჩენილების დასახმარებლად ჯგუფები იქმნება. ათობით ადამიანი საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან გურიაში უკვე მიემართება და ხალხის დახმარებას საკუთარი ძალებით აპირებს.
"პირველებს" დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც თქვა, რომ საცხოვრებელი სახლი მაშინ ჩემოენგრა, როდესაც შინ მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.
კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სტიქიასთან გამკლავებას თავად შეეცადა, სახლის სახურავიდან გადმოვარდა. მისი დახმარება ადგილობრივებმა შეძლეს.
არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ან ვერ გვაქცევს, არ ვიცი. სახლი დამენგრა თავზე, ძლივს გამოვასწარი ბავშვებით. დავრეკე 112-ში და გადაგცემთ შესაბამის სამსახურებსო და აღარ დაურეკავთ მერე. ხმა გავიგეთ სახურავის მტვრევის, გამოვედით გარეთ, გაზანზარდა სახლი, უცებ გამოვიყვანე ბებოც, ჭიშკართან მივედით და სულ ჩამოინგრა. მეორე სართული აღარ არის საერთოდ. ახლა მეზობელთან ვართ, დავრჩით ისე, როგორც გვაცვია და არავინ დამირეკა. არ ვიცი ამ ქვეყანას რა ეშველება.
ზემოთ, სადაც მამაჩემი ცხოვრობს, ვაკეს ეძახიან უბანს, ბიჭი გადმოვარდა სახურავიდან. საშინლად დაზიანდა. ხელით ჩაიუვანეს ეს ბიჭი სასწრაფომდე ისეთ დღეში იყო. კიდევ კარგი, რომ ხალხმა მიიყვანა ისევ იქამდე. საერთოდ არ არის მოსასვლელი არცერთი მხრიდან, - ამბობს თეო კეჭაღმაძე.
რეგიონში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
შეშინებული გამოვვარდი გარეთ, იმიტომ, რომ სახლი ზანზარებს. მარტოხელა ქალი ვარ, რა ვქნა, გეკითხებით? ასეა ბევრი. ვართ ძალიან დიდი საშიშროების ქვეშ. რამდენიმე ტრაქტორი ამას არ შველის, არის საგანგაშო მდგომარეობა და სახელმწიფო ვალდებულია, რომ თოვლში ჩამარხულ სოფლებს, ბაშვებს, ქალებს, მოხუცებს, ყველას მიხედოს, - ამბობს ადგილობრივი.