გურიის სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
გურიის სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დენი გათიშულია ქობულეთის სოფლების ნაწილში. ელექტროენერგია არ მიეწოდება არც ქალაქ ოზურგეთის ნაწილს, ამის შესახებ "პირველებს" ენერგო-პრო ჯორჯიაში უთხრეს.
მათივე ინფორმაციით, გათიშული აბონენტების რაოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება.
კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან - გურიაში და აჭარაში ჩასული ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი ბრიგადები, რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
გზებზე დიდთოვლობის გამო სპეციალურ ტექნიკას უჭირს გადაადგილება და უმეტეს შემთხვევაში ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. თუმცა, ისინი ცდილობენ შეძლებისდაგვარად დროულად მოახდინონ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
ამ დროის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.
თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ სრულად არ მოხდება ენერგომომარაგების აღდგენა - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტიქიამ გურიაში პრობლემები შექმნა -ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.
ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს.