კიდევ ერთი ფაბრიკაციაა, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა... ჩემ ქონებაზე ნადირობდნენ - ბაჩიაშვილი ახალ ბრალზე

25.02.25 13:20
კიდევ ერთი ფაბრიკაციაა, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა... ჩემ ქონებაზე ნადირობდნენ - ბაჩიაშვილი ახალ ბრალზე

ეს არის კიდევ ერთი ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში დააანონსა, - ასე გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი "მტკვარი ჰესის" საქმეზე მისთვის კიდევ ერთი ახალი ბრალის წარდგენას.

მან "მტკვარი ჰესის" პროექტზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გვირაბიანი, კაშხლიანი ჰესები ერთ-ერთი ურთულესი ინჟინრული ნაგებობაა, რომელშიც მიწისქვეშა ელემენტებია, რისი განჭვრეტაც წინასწარ შეუძლებელია.

"ფონდში ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა საკომიტეტო წესით და მასში მონაწილეობდნენ, როგორც მმართველი დირექტორები, ასევე, რისკის სხვა ოფიცრები. ამ შემთხვევაში ეს არის კიდევ ერთი ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა სასამართლოში გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, მე პასუხს გავცემ ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც დაამატეს.

„მტკვარ ჰესის“ პროექტში იყო ჩართული რამდენიმე საერთაშორისო ტექნიკური ინჟინერი, რომელიც მთლიან საინჟინრო ნაწილს ხელმძღვანელობდა, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციებს, ტენდერების ჩატარებას და სამშენებლო ზედამხედველობას. ასე რომ, პროექტი ყოველთვის იყო აუდირებული დიდი ოთხეულის მიხედვით ", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, პროექტი თითქმის დასრულებულია და ის ბიძინა ივანიშვილს წელიწადში 15 მლნ დოლარის მოგებას მოუტანს. 

ბაჩიაშვილმა ასევე ისაუბრა პროკურატურის დავალებაზეც და თქვა, რომ გაბიტაშვილის უწყების უშუალო დავალება მისი ქონების გამოკვლევა იყო, რომელსაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი შვეიცარიაში ფლობს.

პირდაპირ ნადირობდნენ ჩემს ქონებებზე, ჩემს საბანკო ანგარიშებზე, რომ დაედგინათ, ივანიშვილს რამდენის გამოძალვის შესაძლებლობა ექნებოდა - ამბობს ბაჩიაშვილი. 

„ყველანაირი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი წარმატებით თითქმის უკვე დასრულდა, სატესტო რეჟიმში მუშაობს და პროექტი პირადად ივანიშვილს წელიწადში 15 მლნ დოლარის მოგებას მოუტანს. ძალიან კარგი იქნებოდა, ეს პროექტი დასრულებულიყო 2 წლით ადრე და ივანიშვილს 30 მლნ დოლარით მეტი ექნებოდა. ალბათ, მის ასეთ ღელვას არ გამოიწვევდა. აქვე დავძენ, ყველა ის დანარჩენი პროექტი, რომელიც ტურიზმის განვითარების ფონდს შეეხება, ივანიშვილის პირად პროექტებში - „პანორამა თბილისი“, შეკვეთილის სასტუმრო, ამ პროექტებში 680 მლნ დოლარზე მეტია დახარჯული და მათი ჯამური შემოსავალი - მოგება წლის მანძილზე 2-3 მლნ დოლარი იქნება, როცა „მტკვარი ჰესზე“ 250 მლნ დოლარი დაიხარჯა და მისი მოგება 15 მლნ დოლარი იქნება წელიწადში, ანუ თანაინვესტირების ფონდის ყველაზე ცუდი პროექტი რომ ავიღოთ, ჯეროვნად აღემატება მომგებიანობაში ივანიშვილის პირად პროექტებს. პროექტი მაინც წარმატებული იყო, მაინც დასრულდა ობიექტური ხარვეზების და სირთულეების მიუხედავად და ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც ივანიშვილმა თვითონ განახორციელა. რაც შეეხება შვეიცარიულ ბანკს, თავიდანვე განვაცხადე, რომ პროკურატურის ერთ-ერთი დავალება ჩემი გამოკითხვებიდანაც იგრძნობოდა, რომ იყო, რაც შეიძლება დეტალურად გამოეკვლიათ ჩემი ქონებები, პირდაპირ ნადირობდნენ ჩემს ქონებებზე, ჩემს საბანკო ანგარიშებზე, რომ დაედგინათ, ივანიშვილს რამდენის გამოძალვის შესაძლებლობა ექნებოდა. როცა მათ შვეიცარიაში გააგზავნეს ინფორმაციის გამოთხოვაზე მოთხოვნა, ისე ცუდად იყო დასაბუთებული, პირდაპირ იკვეთებოდა ივანიშვილის ინტერესი და არანაირი საბუთი არ არსებობდა. შვეიცარია და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, მოიქცა სწორად და ჩემი მონაცემები არ გაასაჯაროვა", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით კი, საქმეში ბაჩიაშვილი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები პირი არ იყო, რადგან საკითხებს კოლეგიალური ორგანო წყვეტდა, შესაბამისად, ის ბრალს არ აღიარებს.

„გულგრილობა გულისხმობს რამე ქმედების არაჯეროვნად, არასრულყოფილად შესრულებას. ცხადია, ამ დანაშაულსაც გიორგი არ აღიარებს, უფრო მეტიც, ზედმიწევნით, ზუსტად ჰქონდა შესრულებული ყველა ის ვალდებულება, რაც მას გააჩნდა. აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, პირადად ბაჩიაშვილი არ გახლდათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები პირი. არსებობდა კოლეგიალური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებდა ერთხმად. ბრალდებული არც გულგრილობას არ აღიარებს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომ მას არავინ ედავება თანხის უკანონო მითვისებას და ა.შ.“ - განაცხადა მახარაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგნეს. გიორგი ბაჩიაშვილს ამჯერად სამსახურებროვი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან. არადა ოლიგარქის საჩივრის საფუძველზე  „მტკვარი ჰესის“ საქმეს პროკურატურა გაფლანგვის 11 წლიანი მუხლით იძიებდა. საბოლოოდ კი პროკურატურა იძულებული გახდა მუხლი გადაეკვალიფიცირებია. ბაჩიაშვილს ამ სავარუდო დანაშაულისთვის 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა "მტკვარი ჰესის" მშენებლობისას არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.