სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები - ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს
სტიქია დასავლეთ საქართველოში - ოპოზიცია პასუხისმგბელობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე განმარტავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის, საქართველოს მთავრობას აწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ "ოცნება" წინდაწინ ყველაფრის საქმის კურსში იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან კოორდინირებულად ვერ მუშაობენ, რიტაც საბოლოოდ, ისევ მოქალაქეები ზარალდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოდან ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება გზების დეპარტამენტს, ასევე ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობას, ინფორმაცია მიეწოდება ყველა მუნიციპალიტეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარ იცოდნენ ყველაფერი ამინდის შესახებ. ეს არის, ზოგადად, მთავრობის ბრალი, იმიტომ, რომ კოორდინაციაში არ არიან ერთმანეთთან საჯარო უწყებები, რაც ნეგატიურად აისახება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა, ამაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე, - ამბობს ბესიკ დონაძე.
გურიაში სტიქიაა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და უთავდებათ საკვების მარაგიც.
დიდთოვლობის გამო დაინგრა სახლებიც, დაიმტვრა სახურავები. ცნობილია, რომ გურიაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის თქმით, ვერ ხერხდება გზის გაწმენდა.