მოქალაქეების უსაფრთხოებაზე "ოცნება" პასუხისმგებლობას ირიდებს - თეონა აქუბარდია
გახარიას გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში დატრიალებული სტიქიის შედეგებზე "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას არ იღებს და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას თავიდან ირიდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ოცნების" მაღალჩინოსნები მხოლოდ დასავლეთის ლანძღვით არიან დაკავებულები და ქართველი ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად არ სცალიათ.
წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და 112-მა ინფორმაცია კიდეც დააგზავნა მოქალაქეებთან და მაშინ, როდესაც უამრავი მოქალაქე ჩარჩენილია დიდ თოვლში და ერთი, სამწუხაროდ, კიდეც დაიღუპა, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ირიდებს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რაც უშუალოდ მისი ვალდებულებაა და ირაკლი კობახიძე დასავლეთის ლანძღვის იქით არც კი წასულა, რომ ნუგეში და იმედი მაინც მიეცა მოქალაქეებისთვის. შალვა პაპუაშვილი უბრალოდ თოვლს ეძახის იმ მძიმე მდგომარეობას, რამაც უკვე ერთი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია, გასაგებია, რომ სახელმწიფო არ დადგება მოქალაქეების გვერდზე, - ამბობს თეონა აქუბარდია.
გურიაში სტიქიაა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და უთავდებათ საკვების მარაგიც.
დიდთოვლობის გამო დაინგრა სახლებიც, დაიმტვრა სახურავები. ცნობილია, რომ გურიაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის თქმით, ვერ ხერხდება გზის გაწმენდა.