დანგრეული მაღაზიები გურიაში და განადგურებული საქონელი - ხალხი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა

25.02.25 17:15
დანგრეული მაღაზიები გურიაში და განადგურებული საქონელი - ხალხი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა

გურიაში სტიქიამ მაღაზიები დაანგრია - განადგურებულია საქონელი. ხალხი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი. 

მაღაზიის მფლობელის თქმით, დახმარების თხოვნით მიმართეს მუნიციპალიტეტს და სამაშველოს, თუმცა მათთვის დახმარება ჯერ არავის აღმოუჩენია. 

ეს მაღაზია იყო ჩემი შემოსავლის წყარო. ყველაფერი განადგურებულია, ახალმიღებული საქონელი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ეს ერთი მაღაზია სულ ჩამონგრეულია და გვერდითა მაღაზიასაც პრობლემა აქვს. ყველგან დავრეკეთ, სამაშველოში, მუნიციპალიტეტში და ჯერ არავინ მოსულა", - ამბობს ადგილობრივი. 

უფრო მძიმე ვითარებაა გურიის მაღალმთიან სოფლებში. ხალხის სახურავები თოვლით არის დაფარული და სიმძიმეს ვერარ უძლებს. მოსახლეობა ამბობს, რომ დასახმარებლად ადგილზე არავინ მიდის. 

"ბოლო პურის ფქვილი რაც მქონდა იმით ვისარგებლე და უკვე აღარ მაქვს ფქვილი. ადგილზე ვერავინ ამოდის, რა უნდა ვქნა არ ვიცი", - ამბობს სოფლის მკვიდრი. 

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. მოსახლეობა სტიქიის პირისპირ მარტოა დარჩენილი და შიშველი ხელებით იბრძვიან. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.  ადგილზე ვერ მიდის სპეც-ტექნიკა, მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. 

მსგავსი სიახლეები