გურიაში დიდთოვლობას ორი ადამიანი ემსხვერპლა - მძიმე ამბები სტიქიის ზონიდან
სტიქიის ზონაში ვითარება ყოველ წამიერად რთულდება. რეჟიმის უმოქმედობას უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 60 წლის კაცი სოფელ კონჭკათში მაშინ დაიღუპა, როდესაც მეზობელთან დასახმარებლად შევიდა, რა დროსაც სახლი ჩამოინგრა და ნანგრევებში მოჰყვა. სოფელ ხუცუბანში კი შუახნის მამაკაცი საცხოვრებელ სახლთან ახლოს ადგილობრივებმა გაყინული იპოვეს.
უკვე მე-5 დღეა გურიასა და აჭარაში ხალხი შველას ითხოვს, მაგრამ დასახმარებლად არავინ გამოჩენილა. ხალხი შიშველი ხელებით ცდილობს დიდთოვლობასთან გამკლავებას. დანგრეულია და თოვლით არის დაფარული საცხოვრებელი სახლების ძირითადი ნაწილი, ხალხი მცირელოვანი შვილებით მეზობლებთან ცხოვრობს. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა ელენე ჩადუნელიც, რომელმაც ფანჯრიდან გადმოსვლა მოასწრო, სანამ სახლი ჩამოინგრეოდა.
ხალხი ახლა სტიქიის ზონაში ბედის ანაბარაა მიტოვებული. ადამიანებს ყოველწამიერად შიშში უწევთ ცხოვრება, რომ შესაძლოა, მათი სახლის სახურავებმა თოვლის მასას ვერ გაუძლოს და ოჯახის წევრებთან ერთად მოიყოლოს. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ შვილები ვერ უკავშირდებიან სოფლებში ჩარჩენილ მოხუცებულ მშობლებს. ხალხს არ აქვს დენი და გაზი. სასმელად კი გამდნარ თოვლს იყენებენ.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.