“სანამ დაინგრევა მოდით და დამეხმარეთ. უნდა დაინგრეს და მოვკვდე, რომ ვინცხა მოვიდეს?“-სოფელ გომის მცხოვრები დახმარებას ითხოვს

სოფელი გომის მცხოვრები, ნანა ყარეგიშვილი ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.
როგორც მან „ტვ პირველის“ გადაცემა “დღის ამბებში“ ჩართვისას განაცხადა, მსგავსი კატასტროფული მგომარეობა სოფელს არ ახსოვს.
მისი თქმით, 112-ში არაერთხელ დარეკა, დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ, თუმცა, ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.
“სანამ დაინგრევა მოდით და დამეხმარეთ. უნდა დაინგრეს და მოვკვდე, რომ ვინცხა მოვიდეს“, - ამბობს გომის მკვიდრი.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, სახლი ზანზარებს უკვე და გაჩერებაც მეშინია. მარტო ვარ, მეუღლეც არაა სახლში, კარი გაჭედილია, გარეთ ვერ გავდივართ. ვრეკავ 112-ში, გვპირდებიან, რომ მოვლენ, მაგრამ კაციშვილი მომკითხავი არაა, ჭიშკართანაც ვერ მივდივართ, გზა მაინც გავიკვალო.
საქონელი წყდება შიმშილისგან. პატრონი არ გვყავს არავინ. მეზობლებიც იგივე მდგოამრეობაში არიან, ჰყავთ მეოთხე კლასელი ბავშვი, დედა მოხუცია და რთულად გადაადგილდება. მასაც გზა არა აქვს, წყალი არ აქვს, აწი სურსათიც ამოგვეწურება. დღეს დამირეკეს პოლიციიდან და მეუბნებიან - დაინგრა სახლიო? მეთქი თუ დაინგრა და მოვკვდი, რანაირად დაგირეკავთ-მეთქი. სანამ დაინგრევა მოდით და დამეხმარეთ-თქო. უნდა დაინგრეს და მოვკვდე, რომ ვინცხა მოვიდეს. ამიტომაა, რომ სოფლიდანაა გაქცეული ახალგაზრდობა.
ჩვენ სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა, ასეთი რომ არასდროს ყოფილა“, - ამბობს ის.
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. მოსახლეობა სტიქიის პირისპირ მარტოა დარჩენილი და შიშველი ხელებით იბრძვიან. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე ვერ მიდის სპეც-ტექნიკა, მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. გურიაში თავდაცვის ძალებს ელოდებიან.