დიდი პროტესტის დღე ქვეყანაში - თბილისის ქუჩები ფართომასშტაბიანმა მსვლელობებმა მოიცვა

25.02.25 20:16
დიდი პროტესტის დღე ქვეყანაში - თბილისის ქუჩები ფართომასშტაბიანმა მსვლელობებმა მოიცვა

2025 წელი 25 თებერვალი - გმირთა მოედანი ხალხს ვერ იტევს. ქვეყანაში დიდი პროტესტის დღეა. საქართველო გაიფიცა. თბილისის ქუჩები ფართომასშტაბიანმა მსვლელობებმა მოიცვა. მოქალაქეები 104 წლის შემდეგაც ისევ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა. 25 თებერვალი- ეს თარიღიც სიმბოლურად შეირჩა.

6 ლოკაცია და 6 საპროტესტო მარში. არა ოკუპაციას! არა რუსულ რეჟიმს- საქართველოს მოქალაქეები ოლიგარქს კიდევ ერთხელ ეუბნებიან, რომ დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ და ამ ქვეყანის ხელმეორედ ოკუპაციას არ დაუშვებენ.

6 მარშიდან 4 უკვე გმირთა მოედანზეა. მას შემდეგ, რაც მათ დარჩენილი ორი მსვლელობა შეუერთდება, საქართველოს მოქალაქეები ფიცს გმირთა მემორიალთან დადებენ. ფიცი ავტორი ლაშა ბუღაძეა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თავისუფლების წყურვილს მათში ვერანაირი რეპრესიები ვერ ჩაკლავს. 

საქართველოს  გარუსებას მოჰყვა უბედურება ამ ქვეყნისთვის. საქართველოს საუკეთესო შვილების დახვრეტა, გადასახლება, არნახული რეპრესიები და ძალიან დიდი ხნით საქართველომ უკან დაიხია. დღეს ამის წარმოდგენა შეუძლებელია, შეუძლებლია ჩვენი ქვეყნის გარუსება. ვერანაირი რეპრესიები, ვერანაირი დაშინება, ვერანაირი ცემა, ვერაფერი ჩაკლავს თავისუფლების წყურვილს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წყურვილს, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ქართველი ხალხი უკან დახევას და ევროპული მომავლის დათმობას არ აპირებს და ეს დღევანდელმა მსვლელობებმაც ცხადყო.  

დღევანდელი საპროტესტო აქციები 6 ლოკაციიდან არის დასტური, რომ ყინვის პირობებშიც, რაც არ უნდა მძიმე კლიმატური პირობები იყოს, არავინ აპირებს უკან დახევას, რისი იმედიც ჰქონდა რეჟიმს. არც ციხეშ გატყდა ხალხი და არც ციხის გარეთ ხალხის ნება, რომ ვიბრძოლოთ ეროვნული ინტერესებისთვის, რომელიც გადის ქვეყნის ევროპულ მომავალზე, - ამბობს ნიკა მელია.  

რა ხდება გმირთა მოედანზე ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.