კონტრპროდუქტიულია მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე - საკოორდინაციო შტაბის განცხადება

25.02.25 20:35
კონტრპროდუქტიულია მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე - საკოორდინაციო შტაბის განცხადება

საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სტიქიის ზონიდან სოციალურ ქსელში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც მათი თქმით, “უსაფუძვლო პანიკას“ იწვევს.

კონტრპროდუქტიულია მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე - წერია განცხადებაში და შტაბი ყველას მოუწოდებს, ნებისმიერი აქტივობა მათთან შეათანხმონ.

“ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას“, - წერია ინფორმაციაში.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით. მსგავს რთულ ვითარებაში, დამატებით, დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.

ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები.

ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში“,- ნათქვამია განცხადებაში.