TI: მედიის შემზღუდველი ახალი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება

25.02.25 20:45
TI: მედიის შემზღუდველი ახალი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ “ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მედიის შემზღუდველი ახალი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინიცირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს.

განცხადების თანახმად, ხელისუფლების მიზანია, დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. ამასთან, მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე.

ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს. მათი მთავარი მიზანია:

დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით.  ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე; 

მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ;

შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას.  თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

რეჟიმი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ივანშვილის პარლამენტში მედიასაშუალებების შესაზღუდად კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება დააინიციირა. 

საკანონმდებლო ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების დაჯარიმების საშუალებას აძლევს. კომისიას შეეძლება მაუწყებელი დააჯარიმოს წლიური შემოსავლის 0,5%-ით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარით.

"ქართული ოცნების" კანონპროექტით, ტელევიზიებისა და რადიოებს დააჯარიმებენ თუ ისინი: 

  • ახალი ამბების გაშუქების დროს არ დაიცავენ „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს (განმარტებული არ არის)
  • ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;
  • პირდაპირ ეთერში შესული ზარები თუ არ შეირჩევა „სამართლიანობის პრინციპით“ 
  • წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);
  • სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, ვისაც იღებენ;
  • პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, ვინც პროგრამაში არ მონაწილეობს.