შსს-ს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის საქმე სასამართლო პროცესზე ჩამოეშალა - რა აღიარეს პოლიციელებმა

26.02.25 11:46
შსს-ს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის საქმე სასამართლო პროცესზე ჩამოეშალა - რა აღიარეს პოლიციელებმა

აქციაზე უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის საქმე - პროცესზე ცრუ მოწმე პოლიციელები თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ „პუბლიკას„ ჟურნალისტი თორნიკე ქეშელაშვილი საზოგადობრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა და სპეცრაზმის კორდონის გარღვევას ცდილობდა. საბოლოოდ, თამაზ თავაძემ და გიგი ბობოხიძემ აღიარეს, რომ ჟურნალსიტი მათ არ დაუკავებიათ და დამკავებლები სხვა პირები არიან.

მოწმე პოლიციელებმა პროცესზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. ერთ შემთხვევაში შსს-ს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ სამხრე კამერები დაჯდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ე.წ. მოწმე პოლიციელები ირწმუნებოდნენ, რომ შეხლა-შემოხლის დროს სამხრე კამერები ზიანდება და ამიტომ ისინი არ დაუმაგრებით.

ამასთან, ადვოკატის კითხვაზე, როგორ დაადგინეს, რომ ქეშელაშვილი ძალოვანების მისამართით იგინებოდა, ბობოხიძემ თქვა, რომ ეს პირის მოძრაობით ამოიკითხა. რაც შეეხება თამაზ თავაძეს, ის ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტი სახეზე იცნო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტს დაკავების დროს თავზე ჩაფხუტი ეხურა, ხოლო სახეზე აირწინაღი ეკეთა.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ კერავს საქმეებს შსს, ალექსანდრე ქეშელაშვილმა სასამართლოში ის აირწინაღი მიიტანა, რომელიც აქციის დროს ეკეთა. 

მეკეთა აირწინაღი და შესაბამისად, რომ ვინმე გაიგონებდა, მითუმეტეს, აი, ამის ქვეშ დაინახავდა რას ვამბობდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, მე ვიყავი მსხვერპლი. მე არა მარტო ხელი შემიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, რომელსაც წყნარად და მშვიდად ვაშუქებდი, არამედ მცემეს, რის გამოც დამჭირდა ცხვირის ოპერაცია და დღემდე მაქვს სუნთქვის სერიოზული პრობლემები და კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება. მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ იმ ღამეს 25-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მივხვდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი გადაცდომა, - თქვა ქეშელაშვილმა პროცესზე.  

გაამტყუნებს თუ გაამართლებს ჟურნალისტს, მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 17 მარტს გამოაცხადებს.

ჟურნალისტი ნიღბიანებმა 29 ნოემბერს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გაიტაცეს და სასტიკად სცემეს.