"ცენზურის კანონი" - ექსპერტები მედიის წინააღმდეგ დაანონსებულ შეზღუდვებზე

სპეცოპერაცია კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად - ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომლის დამტკიცებასაც "ოცნება" თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გეგმავს, ცენზურის კანონია. მათი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება კრიტიკულ მედიას მხოლოდ იმის გამო ზღუდავს, რომ "ოცნებას" დისკომფორტს უქმნის.
ფორმალურად საბაბს ეძებენ, რომ მედიას ყველა სიტყვა და წინადადება გაუკონტროლონ ანუ ადამიანს აღარ უტოვებენ შესაძლებლობას, ისაუბროს აქტიურ საკითხებზე და ყველა წინადადებაზე, ყველა სიუჟეტზე უნდათ, რომ შემდგემ საფუძველი შექმნან ჩარევის. და ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს? დასანქცირებულმა კახა ბექაურმა თავისი უმრავლესობის გუნდით, რომლის შესახებ ევროპის პარლამენტმა თქვა, რომ მათ შორის პროპაგანდის გამო კიდევ არის დასასანქცირებელი, - ამბობს „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წევრი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც "ოცნება" გეგმავს, რუსულია, რადგან სწორედ რუსეთის ინტერესშია მედიის შეზღუდვა.
ეს არ არის ბრიტანული მედიის სინამდვილე. ბრიტანული მედია ასეთი კანონებით არ ცხოვრობს, მედია საერთოდ არ ცხოვრობს კანნონით. ბრიტანული მედია ცხოვრობს თითრეგულირებით და როდესაც კი ვინმეს გაუჩნდა სურვილი, რაიმე ფორმით ავტორიტარული წესი შემოეტანა, ყველა პოლიტიკური საზღაური გაიღო ამისთვის, იმიტომ, რომ ამას არ დაუშვებს ბრიტანული სინამდვილე. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის ბრიტანული კანონი, ეს არის რუსული კანონი, იმიტომ, რომ ცენზურა სჭირდება რუსეთს გრანტს იმიტომ კი არ აძლევს საერთაშორისო ორგანიზაცია მედიას, რომ მერე ჩაერიოს იმის სარედაქციო პოლიტიკაში. პირიქით, გრანტს აძლევს იმიტომ, რომ ინსტიტუციურად გაძლიერდეს, - ამბობს ქორიძე.
თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არალეგიტიმური მთავრობა ახალი კანონპროექტის დამტკიცებას გეგმავს. კანონპროექტი, რომელიც "ოცნებამ" პარლამენტში დაარეგისტრირა, მედიის და განსაკუთღებით, კრიტიკული მედიის შეზღუდვას ითვალისწინებს.
თუ რეპრესიული კანონპროექტი დამტკიცდება, კრიტიკულ მედიას რეჟიმის მსახურებისთვის, პოლიციელებისთვის და ყველა პასუხმგებელი პირისთვის, მათი ნებართვის გარეშე, კითხვის დასმაც კი აეკრძალება. აიკრძალება საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაც, მათი ქონების და ძვირადღირებული სახლების ჩვენება.
ამ ყველაფერს სანქცირებული კახა ბექაურის მარეგულირებელი კომისია გააკონტროლებს და მას შეეძლება, დააჯარიმოს, გაფრთხილება მისცეს ან ლიცენზია შეუწყვიტოს მედიას, თუკი კონკრეტული სტანდარტები არ იქნება დაცული.