სხდომა გადაიდო - ხატია დეკანოიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 10 მარტს გამოაცხადებს
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის საქმეზე სასამართლო სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადაიდო. გადაწყვეტილებას სასამართლო, სავარაუდოდ, 10 მარტს გამოაცხადებს.
- ხატია დეკანოიძეს რეჟიმი გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერის იმგვარი მოცემულობა წარადგინოს, რომელიც სასამართლოს სრულ სურათს აჩვენებს, ვინაიდან უწყების მიერ მოტანილ მასალას გარკვეულ მონაკვეთზე ხმა არ ჰქონდა.
ხატია დეკანოიძის ადვოკატის ირაკლი აბესაძის განმარტებით კი, საქმე აბსურდული და უშინაარსოა. აბესაძის თქმითვე, უდაბლესი სტანდარტით უდგება შსს მოქალაქეებს და ამ უდაბლეს სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს ის მტკიცებულება, რაც უწყებას აქვს წარმოდგენილი.
პირველ ვიდეო მტკიცებულებაზე მე საერთოდ არ ვარ. მეორე ვიდეო მტკიცებულებაზე ხმა არ ისმის და წარმოუდგენელია, როგორ გაიგო , მე რას ვსაუბრობ და მესამე ვიდეო მტკიცებულება საერთოდ არ არის სამართალდარღვევის არცერთი აქტი. ანუ, ეს არის ის სტანდარტი, რასაც ედავებიან ყველა იმ ადამიანს და ჩემი სასამართლო არაფერი არაა ამასთან მიმართებაში და წარმოუდგენელია, რომ ეს მოსამართლეებიც კი შსს-ს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, უფრო მომზადებულები მოვიდნენ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.
რეჟიმი ამტკიცებს, რომ 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.