SJC: 159 დღიანი შიმშილობის პერიოდში სადიგოვმა 40 კგ დაიკლო, აღენიშნება ანემიის ნიშნები, შენელებული გულისცემა

26.02.25 16:45
SJC: 159 დღიანი შიმშილობის პერიოდში სადიგოვმა 40 კგ დაიკლო, აღენიშნება ანემიის ნიშნები, შენელებული გულისცემა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს ანემიის ნიშნები, შენელებული გულისცემა აღენიშნება. ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს და წერს, რომ     ექიმების განმარტებით, ხანგრძლივი შიმშილობის პროცესში მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს შეიძლება ნებისმიერ დროს მიაღწიოს.  

აფგან სადიგოვი უკვე 159-ე დღეა შიმშილობს, მან ამ პერიოდში 40 კილოგრამი დაიკლო  და მისი წონა ამ დროისთვის 56 კილოგრამია. ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

 SJC წერს, რომ აფგან სადიგოვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიაწოდეს. 

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აფგან სადიგოვის, აზ ერბაიჯანელი ჟურნალისტისა და რედაქტორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აფგან სადიგოვი უკვე 159 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. 

აფგან სადიგოვმა 2 თებერვალს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. 10 თებერვლამდე ის არ იღებდა წყალს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ, ჟურნალისტმა კვლავ  დაიწყო  წყლის მიღება და პერიოდულად თანხმობას აცხადებს ორგანიზმისთვის საჭირო დანამატების მიღებაზე,  რომელიც მას გადასხმის მეშვეობით მიეწოდება.

მიუხედავად შიმშილობის რეჟიმის ცვლილებისა, აფგან სადიგოვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ორგანიზს  უკვე დიდი ხანია, არ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ვიტანიმები და მინერალები, რის გამოც მას აღენიშნება ანემიის ნიშნები, რაც სახიფათოა მისი ჯანრთელობისთვის.  ექიმების განმარტებით, ხანგრძლივი შიმშილობის პროცესში მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს შეიძლება ნებისმიერ დროს მიაღწიოს. აფგან სადიგოვს აღენიშნება ასევე შენელებული გულისცემა, რ ის გამოც ექიმები მას დამატებით აძლევენ წამალს. სამწუხაროდ, ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

აფგან სადიგოვმა 159 დღიანი შიმშილობის პერიოდში 40 კილოგრამი დაიკლო და მისი წონა ამ დროისთვის 56 კილოგრამია. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

აფგან სადიგოვმა შიმშილობა ჯერ კიდევ 2024 წლის 21 სექტემბერს დაიწყო, ორი ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობისა და გადაწყვეტილებების საპასუხოდ. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე იმყოფება.

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.

აფგან სადიგოვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, განიხილავს ჩვენს მოთხოვნას  სადიგოვის მიმართ  დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენების  და აზერბაიჯანში ექსტრადიციის  შეჩერების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  2025 წლის 14 იანვარს და 2025 წლის 28 იანვარს მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანისთვის აკრძალულია 2025 წლის 4 მარტამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებებია და 2025 წლის 4 მარტისთვის სასამართლო კვლავ მიიღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის უფრო ხანგრძლივი ვადით შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ევროპულ სასამართლოსთან კომუნიკაცია დასრულებულია და ამ ეტაპზე ველოდებით მის გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების უფრო ხანგრძლივი გამოყენების თაობაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას  და საზოგადოებას მის მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის," - წერია განცხადებაში.