ბრიტანელი დეპუტატები ბრიტანეთის მთავრობას ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალი სანქციების დაწესებას სთხოვენ

26.02.25 17:02
ბრიტანელი დეპუტატები ბრიტანეთის მთავრობას ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალი სანქციების დაწესებას სთხოვენ

ბრიტანელი დეპუტატები ბრიტანეთის მთავრობას ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალი სანქციების დაწესებას სთხოვენ. საქართველოს შესახებ ბრიტანეთის პარლამენტში დებატების დროს, ევროპის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ სანქციებს წინასწარ ერთადერთი ფაქტორის გამო არ აანონსებს - მას ეფექტი დაეკარგება. 

მინისტრმა, სტივენ დაუთმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დარბევის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭირონ თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საქართველოში.

მაქვს სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დარბევის გამო, რაც სრულიად მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ პროგრამული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისთვის, შევზღუდეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და შევამცირეთ ურთიერთობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ აგრეთვე შემოვიღეთ ვიზის შეზღუდვები და სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ ძალადობაზე პასუხისმგებელნი არიან. ჩვენ კვლავ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საქართველოში", - თქვა მინისტრმა. 

მინისტრის ამ მოხსენების შემდეგ, უფრო კრიტიკულები იყვნენ თემტა პალატის წევრები, რომლებმაც ბრიტანეთისგან უფრო მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვეს.  

დებატების დროს ბიძინა ივანიშვილი ბრიტანელმა დეპუტატმა "ტირანად" და პუტინის მხარდამჭერ ოლიგარქად მოიხსენია და ხაზგასმით განაცხადა, რომ ივანიშვილს ბრიტანეთმა ისევე უნდა დაუწესოს სანქციები, როგორც ეს შტატებმა გააკეთა. 

მისი კითხვაც მინისტრისადმი სწორედ აქედან გამომდინარეობდა. 

იძლევით თუ არა პირობას, რომ გაერთიანებული სამეფო შეუერთდება ჩვენს მოკავშირეებს და გაყინავს ამ ამორალური ტირანის (საუბარია ივანიშვილიზე) აქტივებს? -ჰკითხა ბრიტანელმა დეპუტატმა ევროპის საქმეთა მინისტრს.

გასულ თვეს, ევროპის საბჭოში ვიზიტისას, შევხვდი რამდენიმე ქართველ ოპოზიციონერ წევრს, რომლებმაც წარმიდგინეს შემაძრწუნებელი მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა სასტიკი ფიზიკური ძალადობა საქართველოს რეჟიმის მიერ როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე მის მიმდინარეობისა და შემდგომ პერიოდში. ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს ფაქტობრივი მმართველი, კვლავაც ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტს, იმავე მეთოდებით, რაც გამოიყენება რუსეთში. ძალადობა და დაშინება ამახინჯებს პოლიტიკურ პროცესს. შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, თუმცა მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანებულ სამეფოსა და ბრიტანეთის საზღვარგარეთ ტერიტორიებზეა თავმოყრილი. იძლევით თუ არა პირობას რომ გაერთიანებული სამეფო შეუერთდება ჩვენს მოკავშირეებს და გაყინავს ამ ამორალური ტირანის აქტივებს? - განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა. 

სწორედ ბრიტანელი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა მინისტრმა, რომ სანქციებზე წინასწარ არ საუბრობს.

პოტენციური სანქციების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან ეს შეამცირებდა მათ ეფექტურობას - განაცხადა სტივენ დაუთმა. 

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვიდგეთ ევროპის საბჭოში. შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეს და სამ პოლიციის უფროსს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე საქართველოში. ჩემი პატივცემული მეგობარი გაიგებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ვითარების განვითარებას, პოტენციური სანქციების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან ეს შეამცირებდა მათ ეფექტურობას", - განაცხადა მინისტრმა.