"ბავშვებს წამლები, პამპერსი, საკვები სჭირდებათ, მაგრამ ვერ გავდივარ საყიდლად" - დაბლაციხის მკვიდრი დახმარებას ითხოვს

26.02.25 22:03
"ბავშვებს წამლები, პამპერსი, საკვები სჭირდებათ, მაგრამ ვერ გავდივარ საყიდლად" - დაბლაციხის მკვიდრი დახმარებას ითხოვს

სტიქიის ეპიცენტრში მყოფი მზია ბერიძე დახმარებას ითხოვს - სოფელ დაბლაციხის მკვიდრი გურიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

მზია ბერიძე აცხადებს, რომ უკვე ორი დღეა, რაც ე.წ. მერიის თანამშრომლებთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ ზარს არ პასუხობენ. არადა, მზიას ცნობითვე, გურიაში 5 არასრულწლოვანთან ერთად იმყოფება და მაღაზიაში საკვების საყიდლად გასვლასაც კი ვერ ახერხებს. 

"ბავშვებს წამლები, პამპერსი, საკვები სჭირდებათ, მაგრამ ვერ გავდივარ საყიდლად" - ამბობს სოფელ დაბლაციხის მკვიდრი.

არავინ არ მოსულა საერთოდ. ორი დღეა მერიაში ვრეკავ და საერთოდ არ პასუხობენ. დახმარება არ მიმიღია, კაცი შვილი მომსვლელი და ყურადღების მომქცევი არ არის. მერიაში რამდენჯერმე დავრეკე, არც მიპასუხებენ და რა მეშველება 5 ბავშვთან ერთად თოვლში დარჩენილი. მეუღლეც არ მყავს სახლში და საშინელ დღეში ვარ. მარტო ვართ მე, ჩემი მული და ბავშვები. არავინ არ მოსულა, მოხალისედაც დავუკავშირდი და ველოდები, მაგრამ არავინ არ შემხმიანებიან.

ვერ გავდივარ გარეთ, წყალზეც ვერ გავდივარ. ყველა ესე ვართ, არავის არ გვაქვს გზა. დენი მაქვს. ჩახერგილია გზები. ვერ გავდივარ გარეთ. მეზობელთან წყალზეც ვერ გადავდივარ ელემენტარულად. სახლშიც არ მაქვს წყალი. ბავშვის პამპერსზე ვერ გავსულვარ და ვერ შემიძენია. ბავშვებს წამლები, პამპერსი, საკვები სჭირდებათ, მაგრამ ვერ გავდივარ საყიდლად", - ამბობს მზია ბერიძე.

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ადგილზე ჩავიდნენ თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეების დიდი ჯგუფი.  

მსგავსი სიახლეები