"ბოლო რამდენიმე საათში მე-5 სახლი ჩამოინგრა, ადამიანები ევაკუაციას ითხოვენ" - მოხალისე გურიიდან

26.02.25 23:56
"ბოლო რამდენიმე საათში მე-5 სახლი ჩამოინგრა, ადამიანები ევაკუაციას ითხოვენ" - მოხალისე გურიიდან

სტიქიის ზონაში მყოფი "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლიკა ფილფანი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გურიაში მე-5 სახლი ჩამოინგრა.

მისივე თქმით, ვითარება ყოველდღიურად უფრო რთულდება, რადგან ადამიანებს როგორც საკვები პროდუქტები, ასევე მედიკამენტები აქვთ ამოწურული და მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დათოვლილი სახლებიდან ევაკუაციას ითხოვენ. 

ვითარება რთულდება ყოველდღიურად. თუ გუშინ ადამიანები გვთხოვდნენ, რომ დაგვეხმარეთ სახურავის გადათოვლაში, დღეს მათი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ სახლიდან გამოგვიყვანეთ. ევაკუაციას ითხოვენ, რადგან დიდი საშიშროებაა. ბოლო რამდენიმე საათში მე-5 სახლი ჩამოინგრა. ვერ ვასწრებთ ლოკაციებზე გადასვლას. ამ ადამიანებს ამოწურული აქვთ პროდუქტები, ჩვილი ბავშვების საკვები, მედიკამენტები". - განაცხადა ლიკა ფილფანმა. 

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ადგილზე ჩავიდნენ თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეების დიდი ჯგუფი.