"ოჯახში სამი შვილი და შშმ მეუღლე მყავს - დაინგრა სამზარეულო და ველოდები, როდის დაინგრევა სახლი" | ჯუმათის მკვიდრი დახმარებას ითხოვს

27.02.25 00:13
"ოჯახში სამი შვილი და შშმ მეუღლე მყავს - დაინგრა სამზარეულო და ველოდები, როდის დაინგრევა სახლი" | ჯუმათის მკვიდრი დახმარებას ითხოვს

 

 

სოფელ ჯუმათში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე "ტვ პირველის" ეთერში ადგილობრივი ინგა ცენტერაძე საუბრობს - მისი ცნობით, რაც თოვა დაიწყო, ჯუმათში მძიმე ტექნიკა არ გამოჩენილა. 

"ოჯახში მყავს სამი შვილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი მეუღლე, დედამთილი, მამამთილი დიაბეტიანი" - ამბობს ინგა ცენტერაძე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ მისივე სახლი ნგრევის საშიშროების წინაშე დგას, სწორედ ამიტომ შესაბამის სამსახურებს დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს. 

სოფელი ჯუმათი, სადაც არ გაუვლია ტრაქტორს რაც თოვა დაიწყო, არც არავინ შესულა. ოჯახში მყავს სამი შვილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი მეუღლე, დედამთილი, მამამთილი დიაბეტიანი. არ არსებობს კომუნიკაცია, არ არის არაფერი, არ არის დენი უკვე 7 დღეა. მოწყვეტილია ყველას და ყველაფერს ჯუმათი. ამას სამი დღეა ვატყობინებ. ხალხი ვერ თოვლავს სახლებს, სასწაულ მდგომარეობაში ვართ. სამზარეულო დაინგრა და ველოდები როდის დაინგრევა სახლი. უმძიმესი მდგომარეობაა, კატასტროფა ხდება, ამას ვაწვდი რაც შემიძლია მთავრობებს. ყველაფრის გარეშე დარჩენილი ვართ, სახურავი გადმოგვითოვლოთ. ყველას დავურეკე, ცხელ ხაზზეც დავრეკე და მეუბნებიან იწმინდება, იწმინდება. თუ გზა არ გაიწმინდა ვერავინ ვერ დაგვეხმარება", - ამბობს ინგა ცენტერაძე.

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ადგილზე ჩავიდნენ თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეების დიდი ჯგუფი.