84 წლის კაცი ამ დრომდე სახლში მარტო იმყოფება - სოფელ მერიაში ჩარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს
სოფელ მერიაში ჩარჩენილი ომარ ბარამიძე დახმარებას ამ დრომდე ითხოვს - სტიქიის ზონაში მყოფი ხელოვანები "პირველებს" ეუბნებიან, რომ 84 წლის კაცი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფება. სიტუაციას კი გაუკვალავი გზები ართულებს, რის გამოც პენსიონერის დახმარება რთულდება.
რეჟისორი მიშა ჩარკვიანი, რომელიც გურიაში მოხალისედ იმყოფება, "ტვ პირველის" ეთერიდან სხვა მოხალისეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თუკი რომელიმე მათგანი სოფელ მერიასთან ახლოს არის, დაეკონტაქტოს და ხანშიშესული კაცის კოორდინატებს დეტალურად მიაწვდის.
სოფელ მერიაში არის 84 წლის ადამიანი ჩარჩენილი. გაუკვალავია მთლიანად მისი ეზო, ელექტროენერგიის კაბელი არის ჩამოვარდნილი. არის საშიში მდგომარეობა. ჩვენ მერიიდან შორს ვართ, შეიძლება ვერ მოვახერხოთ მისვლა, მაგრამ იქნებ თქვენ გაავრცელოთ ინფორმაცია და სხვა მოხალისე ჯგუფები, რომლებიც სოფელ მერიასთან ახლოს არიან, ჩვენ შეგვიძლია საკონტაქტო ინფორმაცია მივაწოდოთ. დახმარება სჭირდება ამ ადამიანს რაც შეიძლება მალე.
რთული ვითარებაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება, საკვები პროდუქტების გარეშეა დარჩენილი. მაღალი თოვლია და რთული სიტუაციაა. რთულია გადაადგილება. მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს. ბევრს ელექტროენერგია არ აქვთ. თავს მოტოვებულად გრძნობენ. ამბობენ, რომ ყურადღება აკლიათ. უხარიათ მოხალისეების ჩასვლა, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს სახელმწიფო და ეხმარებოდეს ადამიანებს". - განაცხადა მიშა ჩარკვიანმა.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.