ძირითადად, ადგილობრივები სანთელსა და პურს ითხოვენ - ინფორმაცია ქვემო ნატანებიდან
გურიაში ამ დრომდე კრიტიკული ვითარებაა - ადგილობრივები საკვებისა და მედიკამენტების გარეშე არიან დარჩენილები, რომელთა დახმარებას სტიქიის ზონაში ჩასული რიგითი მოქალაქეები ცდილობენ.
სიტუაციას დათოვლილი სახლები და ეზოები ართულებს, რაც საცხოვრებლებს ჩამონგრევის რისკის ქვეშ აყენებს. ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი, ხოლო გზები გაუკვალავი.
გაფიცული ხელოვანი გიგა დათიაშვილი, რომელიც ამ წუთებში ქვემო ნატანებში იმყოფება, "პირველებთან" ამბობს, რომ ადგილობრივები ძირითადად სანთელსა და პურს ითხოვენ.
ახლა ვართ ქვემო ნატანებში, სადაც გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც ჩაკეტილი არიან, ვეხმარებით. გვინდა, ყოფა შევუმსუბუქოთ. გადაადგილება უჭირთ. თოვლი მაღალია. ძირითადი მოთხოვნები რაც აქვთ, არის სანთელი, რადგან შუქი არ აქვთ და არის პური. ძირითადად, რა სამუშაოებიც მიმდინარეობს, ტექნიკა არის გადასროლილი ისეთ ადგილებში, სადაც საერთოდ მიუვალია და ჩაკეტილია სოფლები. რადგან მთელი ტექნიკა არის გადასროლილი მანდ, ასეთი ადგილები რჩება უყურადღებოდ". - განაცხადა გიგა დათიაშვილმა.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.