სტიქიის ეპიცენტრში მოქალაქეები ჩარჩნენ - ახალგაზრდები 24 საათია, ღამეს მანქანაში ათევენ

27.02.25 13:43
სტიქიის ეპიცენტრში მოქალაქეები ჩარჩნენ - ახალგაზრდები 24 საათია, ღამეს მანქანაში ათევენ

 

 

სტიქიის ეპიცენტრში მოქალაქეები ჩარჩენილები არიან და ღამის გათევა ავტომობილებში უწევთ - "პირველები" ესაუბრა ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ სოფელ ძიმითში სახლი აქვთ, თუმცა დიდთოვლობისა და გზების გაუკვალავობის გამო ასვლას ვერ ახერხებენ.

სწორედ ამიტომ უკვე 24 საათია მანქანაში უწევთ ყოფნა, რომელიც ასევე თოვლშია ჩაფლული და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. თაკო გოგსაძე გვიყვება, რომ 112-ში დარეკეს, რის შემდეგაც სამაშველო ბრიგადები მივიდნენ დასახმარებლად, თუმცა ავტომობილი თოვლიდან ვერ ამოიყვანეს. 

ადგილზე მოქალაქეების დასახმარებლად ევაკუატორიც ვერ მიდის. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ახალგაზრდებს საკვების მარაგი ეწურებათ, მაღაზიები დაკეტილია და ყიდვასაც ვერ ახერხებენ. 

სახლი გვაქვს ძიმითში, უბრალოდ დიდი თოვლიდან გამომდინარე, იმ ღამეს, როდესაც ჩამოვედით, ვერ შევძელით ასვლა, არ არის გაწმენდილი. ხეები არის მოტეხილი, არც შუქია. დიდი თოვლიდან გამომდინარე, მანქანა ჩაგვეჭედა თოვლში. მთელი 24 საათია მანქანა ჩაჭედილი გვაქვს. დავრეკეთ 112-ში, იყვნენ მოსულები, მაგრამ მანქანას საბუქსირე სისტემა არ აქვს და ვერაფრით ამოგვათრიეს. ევაკუატორი ვერ შემოდის. მანქანიდან შორს ვარ, რომ ტელეფონზე სიგნალი დავიჭირო. სიგნალიც კი არ იჭერს, ქსელებს ხარვეზი აქვთ. მაღაზიები დაკეტილია, შუქი არ არის. კვებასთან შეზღუდვა გვაქვს. ყველა სასტუმრო დაკავებულია, დასარჩენი არ არის არსად". - განაცხადა თაკო გოგსაძემ.

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.