ზემო აკეთში სახლი ჩამოინგრა - ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში კაცი მოყვა
სტიქიის ზონიდან მძიმე ამბები ვრცელდება - ადგილობრივები ამბობენ, რომ გურიის სოფელ ზემო აკეთში თოვლმა საცხოვრებელი სახლი ჩამოანგრია და 80 წლის კაცი მოიყოლა.
მეზობლების ცნობით, მოქალაქეებმა კაცის ნანგრევებიდან ამოყვანა მოახერხეს. თემურ შავაძეს შემთხვევის შედეგად სხეულზე დაბეჟილობები აღენიშნება.
გურიაში, ზემო აკეთში, თემური შავაძის სახლი ჩამოიშალა, განადგურდა. ნანგრევებში ადამიანი მოყვა, ამოვიყვანეთ. ღმერთს მადლობა, მსხვერპლი არ არის. 80 წლის კაცია, პატარა დაჟეჟილობები აქვს". - ამბობს მოქალაქე.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.