"სახურავი ჩამოინგრა, არის ალბათობა, რომ პროცესები ფატალურად დამთავრდეს" - დაბა ნასაკირალის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ

27.02.25 15:16
"სახურავი ჩამოინგრა, არის ალბათობა, რომ პროცესები ფატალურად დამთავრდეს" - დაბა ნასაკირალის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ

დაბა ნასაკირალის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ - მოქალაქეები "პირველებს" უყვებიან, რომ საბჭოთა დროს აშენებული კორპუსი დიდთოვლობას ვერ უძლებს. სახურავი უკვე ჩამოინგრა და არსებობს თავად კორპუსის დანგრევის რისკიც. 

ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ 112-ში დარეკეს, თუმცა ამ დრომდე სამაშველო ბრიგადები, ან "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად არ გამოჩენილან. 

"ვერაფერი ისწავლეს ამდენი ტრაგედიის ფონზე" - აცხადებს მოქალაქე, რომელიც შესაბამის უწყებებს დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს. 

მრავალბინიანი საბჭოთა დროინდელი აშენებული კორპუსია, რომლის სახურავიც გუშინ დილით ჩაინგრა. შესაბამისად, ზედა ბეტონის ფილა, რაც აქვს, ანგრეულია ესეც. 112-ში ადგილობრივებმა დარეკეს, შეატყობინეს მერის წარმომადგენლებს. ვურეკავ განუწყვეტლივ 1 საათია ყველა შესაბამის უწყებას, რომ ადამიანის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, რადგან მთლიანი ნაბზარი აქვს. რისკი არის იმის, რომ ჩამოინგრეს. 7-მა ოჯახმა წუხელ ღამე გაათენა.

არის იმის ალბათობა, რომ აქ ფატალურად დამთავრდეს ის პროცესები, რაც ამ შენობის ნგრევას შეიძლება მოყვეს. დროული რეაგირებისთვის ერთი სამსახურის არ გამოიძებნა, რომ მოსულიყვნენ და დახმარება გაეწიათ. ვერაფერი ისწავლეს ამდენი ტრაგედიის ფონზე. ვერცერთი დასკვნა გამოიტანეს, რომ ადამიანებს დროული დახმარება სჭირდებათ". - განაცხადა მოქალაქემ. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.