დავით ხომერიკის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - რა თქვა დღეს პროცესზე "მოწმე" პოლიციელმა

27.02.25 16:01
დავით ხომერიკის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - რა თქვა დღეს პროცესზე "მოწმე" პოლიციელმა

26 წლის სინდისის პატიმრის საქმე, შესაძლოა, თავდაყირა დადგეს. დავით ხომერიკის სასამართლო პროცესზე დღეს მოწმე პოლიციელი, ირაკლი გველესიანი გამოკითხეს. საქმეს მოსამართლე ნინი გალუსტაშვილი იხილავდა. 

  • მუსიკოსს რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი

პოლიციელი დღესამტკიცებდა, რომ წაკითხული აქვს ხომერიკის გამოკითხვის ოქმი, სადაც ბრალდებული ამბობს, რომ ჰქონდა „ასაფეთქებელი თუ აალებადი ნივთიერება”. სხდომაზე გველესიანს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მიუთითა, ზუსტად განმარტოს, რომელი ტერმინი ეწერა გამოკითხვის ოქმში - „ასაფეთქებელი“ თუ „აალებადი“ ნივთიერება, რადგან ამ მახასიათებლებს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს კვალიფიკაციის ნაწილში, თუმცა მოწმემ ეს ვერ დააზუსტა. 

„რამდენიმე მტკიცებულება მახსოვს. იყო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს იყო ასაფეთქებელი ნივთიერება თუ მოწყობილობა, ზუსტად არ მახსოვს. ასაფეთქებელი ნივთიერება თუ რაღაც ასეთი… დასკვნაში რომელი ეწერა - ასაფეთქებელი თუ აალებადი ნივთიერება, დეტალურად არ მახსოვს”, - განაცხადა მოწმე სამართალდამცველმა ირაკლი გველესიანმა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დაკავებას არ შესწრებია.

მოწმე პოლიციელის ამ ჩვენების მიუხედავად, პროკურორი ვაჟა თოდუა, სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ მოწმემ ტერმინის დააზუსტდა და თქვა, რომ ოქმში "ცეცხლგამჩენი მოწყობილება" ეწერა. 

ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ კი განაცხადა, რომ მოწმე პოლიციელს არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა საქმის დეტალებზე.

„ყველაზე უცნაური არის ის, რომ მოწმედ მოსული იყო პოლიციელი, რომელმაც უბრალოდ ბრალის დადგენილება მიუტანა დაკავებულს და გააცნო ის. სხვა არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში ამ პოლიციელს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ მას არავითარი ინფორმაცია არ ჰქონოდა საქმის დეტალებზე. მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც გამოიდო თავი და თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, ხომერიკს თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რაც გახლავთ სიცრუე. ასევე, ბოლოს თქვა, რომ მე საქმის მასალებს სრულად გავეცანი, იმიტომ, რომ ყველა საქმის მასალას ვეცნობიო, ვისთვისაც ბრალის დადგენილება მიმაქვსო, რაც ასევე არ არის დამაჯერებელი”, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.