მოქალაქე: ვანის გამგებელმა მიყვირა, მისმა თანმხლებმა პირმა ხელი მკრა, შეურაცხყოფა მომაყენეს

27.02.25 17:15
მოქალაქე:  ვანის გამგებელმა მიყვირა, მისმა თანმხლებმა პირმა ხელი მკრა, შეურაცხყოფა მომაყენეს

 

 

დახმარების ნაცვლად თავდასხმა - ვანის მცხოვრები ნაზი ჩახუნაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ გამგებელმა ალექსანდრე გოგორიშვილმა უყვირა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა აგინა, მეორე პირმა კი ხელი კრა და წააქცია.

შუახნის ქალი "პირველებს" უყვება, რომ დიდთოვლობის გამო გამგებელს დახმარების თხოვნით მიმართა. სოფლიდან მუნიციპალიტეტში წასული კი გაუკვალავი გზების გამო სახლში ვერ დაბრუნდა, არადა საცხოვრებელში ოჯახის სამი წევრი - 88 წლის დედა, 60 წლის ონკოპაციენტი და 32 წლის დისშვილი ელოდება, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. 

ნაზი ჩახუნაშვილის თქმით, ვანის გამგებელმა დახმარებაზე უარი განუცხადა და თავდაპირველად, უთხრა, რომ მძიმე ტექნიკის არარსებობის გამო ვერაფერს გააკეთებდა. თუმცა ქალის განმარტებითვე, როდესაც მეორეჯერ მივიდა გამგებელთან თხოვნით, მან უყვირა, ხოლო მასთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ხელი კრა, მეორემ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

სახლი არის ძველი, სახურავიც ძველია. ადევს 2 მეტრამდე თოვლი ზევით. ის სახლი რომ ჩამოინგრეს, ჩემი და რომ გამოვიდეს, ორს ვერ გამოიყვანს, რადგან ერთი მოხუცებულობისგან დაპატარავებულია და მეორე განუვითარებელია და სიმაღლე არ აქვს. ანუ, გაიგუდებიან თოვლში. სამი დღეა გადავდივარ გამგეობის წინ და ვეხვეწები. გამგებელი გოგორიშვილი არ არის ცუდი ადამიანი. რა გიყო, შევდივარ შენ მდგომარეობაშიო. არაფერი ზედმეტი არ უთქვამს. რა ვქნა, არ მაქვს ტექნიკა და რა გიყო არ ვიციო. ხვალიდან ამინდი გამოვა და ნუ გეშინიაო.

წამოვედი სახლში. უკვე დამხვდა მოსული, გამგებლის ჩათვლით იდგა 20 კაცი. ვეკითხები, თუკი ამ ადგილამდე ახვედი და გაასუფთავე, ქეთოს და დედაჩემს ხომ იცნობთ, გამოგევლოთ ამ მხარეს, რა იქნებოდა. ამიყვირდა. შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მაგრამ ამიყვირდა. ეს რომ მისმა ცუციკებმა გაიგონეს, 20 კაცი წამომესია. ერთ-ერთმა ხელი მკრა, ასე მითხრა, ჩაგახრჩობ ახლა თოვლში, შენი დედაო... ისე ვიყავი განერვიულებული ხელის კვრით და ძალა გამოცლილი, რომ წავიქეცი.

მეორემ, ოლეგი გიორგაძემ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვები მითხრა. შე უმადურო, გაფუჭებულო, წადი ახლა და მიშა გიშველისო. გამგებელს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ამ ყველაფერს უყურებდა და ისმენდა". - განაცხადა მოქალაქემ.