"2 დღის მშიერი ვარ, მძვრება სული" - სოფელ ბასილეთის მკვიდრი დახმარებას ითხოვს

27.02.25 17:17
"2 დღის მშიერი ვარ, მძვრება სული" - სოფელ ბასილეთის მკვიდრი დახმარებას ითხოვს

 

 

ჩოხატაურის სოფელ ბასილეთის მკვიდრი დახმარებას ითხოვს - რუსიკო ჟღენტი "პირველებთან" ამბობს, რომ ორი დღეა საკვები არ მიუღია, დიდთოვლობის გამო კი სახლიდანაც ვერ გადის. 

"დღეს ნახევარი სტაფილო ვჭამე, სული მძვრება" - აცხადებს ადგილობრივი, რომელიც შესაბამის უწყებებს დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს. 

მძვრება სული შიმშილით. სახლი დაუთოვარია. ვერ ვაღებ კარს. აივნიდან რომ გამოვიდე, ვერ გადმოვალ უკვე. მშიერი ვარ 2 დღის. არც ყავა დამილევია. მძვრება სული. დღეს ნახევარი სტაფილო ვჭამე. ფეხები გაყინული მაქვს. ვერ მივდივარ ჭიშკრამდე. ნამეტანი გაუსაძლისია". - განაცხადა რუსიკო ჟღენტმა. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.