სტიქია გურიაში - 20-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

28.02.25 11:15
სტიქია გურიაში - 20-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

დიდთოვლობიდან მე-7 დღესაც პარალიზებულია რეგიონები - მძიმე მდგომარეობაა გურიაში. 20-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში შემდეგი სოფლებია - ნატანები, ჯუმათი, ხვარბეთი, მეწიეთი, ზომლეთი, ბახვი, ორმეთი, მამათი, ჭანჭათი, ზოტი, ქვაბღა, ჩხაკაურა, სურები, შუა სურები, ზემო სურები, იანეული, საჭამიასერი, ზემოხეთი, ქვემოხეთი, ქაქუთი, აკეთის, ბახვი, ნასაკირალი, ნარუჯა.

სტიქიის პირისპირ მოქალაქეებს გამკლავება დამოუკიდებლად უწევთ. ზოგიერთი მათგანი სახლ-კარის გარეშე არის დარჩენილი, რადგან თოვლის დიდმა მასამ საცხოვრებელი ჩამოუნგრია. ადგილობრივებს საკვების მარაგიც ამოეწურათ და სწორედ ამიტომ მათი მდგომარეობის შემსუბუქებას მოხალისეები ნიჩბებითა და დრონებით ცდილობენ.

8 სოფელია, სადაც არ ვიცით, რა ვითარებაა. გზები არ არის გაწმენდილი ბევრ ადგილას და გვიწევს დრონებით მუშაობა. მე და ჩემს ჯგუფს გვიწევს 3-4 კილომეტრის გავლა ფეხით, რომ მივაწოდოთ საკვები, სანთლები. ელექტროენერგია ბევრთან არ არის. ერთ-ერთმა ოჯახის შვილმა დახმარება ითხოვა და მაგის დახმარებით უნდა მივიდეთ ერთ ზუსტ ლოკაციაზე. მეორესთან გვაქვს კომუნიკაცია, დაბლაციხესთან გვაქვს კომუნიკაცია. 3-4 კილომეტრი მოგვიწევს ფეხით ასვლა, რომ მივიტანოთ წამლები, საკვები. მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ". - განაცხადა მოქალაქემ.

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.