"ჩემს მაზლს სახლი დაენგრა, რეკავდა, გეხვეწებით მომეშველეთო, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია" - მოქალაქე

28.02.25 11:23
"ჩემს მაზლს სახლი დაენგრა, რეკავდა, გეხვეწებით მომეშველეთო, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია" - მოქალაქე

სტიქიის პირისპირ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებისგან მიტოვებული მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ - გურიის მაცხოვრებლები შესაბამის სამსახურებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად სახლ-კარის დაკარგვისა, ამ დრომდე უყურადღებოდ არიან დარჩენილები.

"ჩემს მაზლს სახლი დაენგრა, რეკავდა, გეხვეწებით მომეშველეთო, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია" - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე "პირველებთან".

112-ში ვრეკავდით, სამაშველოში დავრეკეთ. იქიდან გამოხმაურება იყო ის, რომ თუ ღია ცის ქვეშ არ ხართ და თავშესაფარი გაქვთ, იყავით მანდ. არ შეხვიდეთ დაზიანებულ სახლშიო. მეტი არაფერი ყოფილა. ჩემს მაზლს სახლი დაენგრა მთლიანად, რომ საშიშია შიგ შესვლა და ცხოვრება. რეკავდა, გეხვეწებით მომეშველეთო, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია". - განაცხადა ადგილობრივმა. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.