"მამაჩემი მარტოა, სახლს გადათოვლა სჭირდება" - სოფელ ზედა ვანის მკვიდრი დახმარებას ითხოვს
გურიის მსგავსად მძიმე ვითარებაა ვანშიც - მოქალაქეები "პირველებს" უყვებიან, რომ სოფლებში ასაკოვანი ხალხია დარჩენილი, რომლებიც სახლების გადათოვლას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.
ადგილობრივების ცნობით, გზები გაუკვალავია და სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ საკუთარ ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გასვლა უჭირთ.
დიდია თოვლი. მამაჩემი იყო მარტო სახლში, სახლს გადათოვლა სჭირდებოდა. მამას გუშინ დილით, მეზობლიდან დავეკონტაქტე. საკვების პრობლემა არ გვაქვს. მამაჩემი ასაკიანია, სახურავზე ვერ გადის, სახლი ვეღარ გაუძლებდა და მინდოდა, რომ დათოვლაში ვინმე დაგვხმარებოდა. ასაკოვანი ხალხია დარჩენილი. ყველას სახლის დათოვლის პრობლემა ჰქონდა. ვერ შედიან, გაიწმინდა ტრაქტორით, მაგრამ ისევ ივსებოდა. სოფელი ზედა ვანია". - განაცხადა მოქალაქემ.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.