"მთავრობის ადმინისტრაციამ, რეორგანიზაციის სახელით, ჩემთან 10 წლიანი ურთიერთობა დაასრულა" - გაბეხაძე
საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება - მოქალაქე გვანცა გაბეხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "მთავრობის ადმინისტრაციამ, რეორგანიზაციის სახელით, 10 წლიანი ურთიერთობა დაასრულა".
გვანცა გაბეხაძის ცნობით, სამსახურიდან ასევე გაათავისუფლებს მისი რამდენიმე თანამშრომელი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვანი განყოფილებიდან.
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გამოგონილი ,,რეორგანიზაციის” სახელით, რომელიც რეპრესულ მექანიზმად აქციეს საჯარო სექტორში, დაასრულა ჩემთან 10 წლიანი ურთიერთობა, ასევე ჩემს უკარგეს თანამშრობლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვან განყოფილებაში (Agenda.ge).
ეს, ჩემთვის პირადად, არ ყოფილა მოულოდნელი, იმიტომ რომ დიდი ხანია ჩანს როგორი კადრებიც ჭირდებათ და აგროვებენ საჯარო სექტორში, რომელთა კვალიფიკაციაზეც, წესით, დგას ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო. ამათთვის დიდი ხანია პრიორიტეტული აღარ არის, პირიქით საფრთხეა, პროფესიონალი და მორალურად გამართული საჯარო მოხელე, რომელმაც კარგად იცის, რომ პარტიას არ უნდა ემსახუროს და არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაც არ არის დასახუჭი.
ამ უმსგავსობას რომ თავი დავანებოთ, მთავრობა, რომელიც ხალხს თვალში ნაცარს აყრის ,,პატრიოტიზმით და რელიგიურობით", რომელიც, სინამდვილეში, მათი ქმედებებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ბოლო ადგილზეც კი არ უდგათ, სამსახურიდან მიშვებს ორსულს, რომელიც ამ ,აყვავებულ ეკონომიკაში”, სადაც არც მშობელი წარმოადგენს რამეს და არც ბავშვი, ვბედავ და მეოთხე შვილს ვაჩენ.
ვინც დღეს თბილად სხედხართ, თუნდაც კერძო სექტორში, ან თქვენი ბიზნესი გაქვთ და გგონიათ რომ ეს არ შეგეხებათ, ძალიან ცდებით. ზუსტად ისე შეგეხებათ, როგორც ,,აყვავებული ეკონომიკა” გეხებათ და კიდევ ბევრი რამე… რეჟიმი ისე ექცევა ყველას, მათ შორის თავგადაკლულ მომხრეებს, როგორც აწყობს. რეჟიმი იყო წინა ხელისუფლება, ეს ხელისუფლებაც არის რეჟიმი და სანამ დიქტატურა საბოლოო სახეს მიიღეს, მანამდე ამოიღეთ ხმა." - წერს მოქალაქე.