"მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება" - თემურ ქათამაძე

28.02.25 13:54
"მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება" - თემურ ქათამაძე

"ბათუმელი მედროშე", რომელიც უკვე 44 დღეა შიმშილობს, ციხიდან წერილს აგზავნის - თემურ ქათამაძე წერს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ მასზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. 

ოთხ კედელში გამოკეტილი სინდისის პატიმარი ფიქრობს, რომ მასზე ზეწოლას ქვეყნიდან გაძევების მიზნით ახორციელებენ - "სულისკვეთებას და მხნეობას ვერავინ ვერასდროს გატეხს".

რეჟიმის ტყვე მოქალაქეებსაც მიმართავს და მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს - "ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს".

მინდა გაცნობოთ, რომ 16.01.2025 წელი ჩემი საქართველოდან გაძევების მიზნით, დაკავების დღიდან დღემდე მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ ხორციელდება ჩემ მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფერხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით. ეს თავიდან იყო ჩემ მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებში წარსადგენად, ბათუმში ჩემ კერძო ბინაში და პირად კომპიუტერში განთავსებულ დოკუმენტებზე და მტკიცებულებებზე წვდომის და მათი დროზე შეგროვების შეფერხების მიზნით. 

თუმცა, ბოლო დღეებში მათი ზეწოლა გამიზნული არის 44 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გატეხვისთვის. მათთვის რა სამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეს მცდელობა, რადგან ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყევ ნებისყოფას, სულისკვეთებას და მხნეობას ვერავინ ვერასდროს გატეხავს. სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ჩემს ცხოვრებაში ყველაფერზე ზემოთ მდგომი ღირებულება და მწვერვალია. იმათზე ზემოთ მხოლოდ გამჩენელი ღმერთი დგას. 

მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ, ისე როგორც არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სოლიდარობა სამშობლოს, მომავლის და თავისუფლების ყველა თანამებრძოლს და ასევე სინდისის პატიმრებს. მინდა ყველამ იცოდეთ და დარწმუნდეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, უფალი არის ჩვენთან. მე მჯერა გამარჯვების. ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად. უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს". - ნათქვამია წერილში. 

შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.