ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმე-ბრალდებული ექიმის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

28.02.25 16:18
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმე-ბრალდებული ექიმის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმე - კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე  ერთ ექიმს ბრალი წაუყენეს.

ქეთევან ლობჟანიძეს სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან, რის გამოც, შესაძლოა, ხუთი წლით ციხეში გაუშვან.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, ირკვევა, რომ მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში შეყვანილ ვახო ჩარკვიანს მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელი  კვლევების ჩატარების გარეშე დაუნიშნეს.

ადვოკატის თქმით, ექიმის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ბრალი წარედგინა ერთ-ერთ ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს, გულგრილობა, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ან სხვა მძიმე შედეგი. ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიება. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბრალდების მხარე, პროკურატურა შედის გირაოს შუამდგომლობით. ეს ის ექიმია, რომელმაც, საქმის მასალების მიხედვით, ვერ განარჩია ვირუსული და ანტიბაქტერიული დაავადება,  ამიტომ ვირუსული მკურნალობა საერთოდ არ დაუწყია და დაიწყო პირდაპირ ანტიბიოტიკით ისე, რომ არანაირი ანალიზი არ ჩაუტარებია. რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და შემდეგ გარდაცვალება“, - ამბობს ადვოკატი, ზაალ დავითაია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.