სინდისის პატიმრების, თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმეზე ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიკითხნენ

28.02.25 17:55
სინდისის პატიმრების, თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმეზე ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიკითხნენ

შუშის ბოთლის ნამსხვრევების გამო, ციხეში გამოკეტილი სინდისის პატიმრები-რას ედავებიან და რა მტკიცებულებები არსებობს თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმეში.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  მოსამართლის წინაშე ჩვენება ექსპერტ-კრიმინალისტებმა მისცეს, თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ცენტრალურ კითხვას პასუხი ვერ გასცა და ვერ გაიხსენეს ზუსტი ადგილი, სადაც უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

დაკავებულების ადვოკატებს აინტერესებდათ, რა სახის ნივთმტკიცება ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან, რომელ ქუჩაზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, ან ჰქონდა თუ არა მტკიცებულბებს ნავთობ პროდუქტების კვალი, რადგან რეჟიმი დაკავებულ მომიტინგეეებს წყლის ჭავლის მანქანის მძღოლისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ ეს კითხვები სხვა ექსპერტ-კრიმინალისტებს ეკუთვნით, რომლებიც სხვა პროცესზე გამოიკითხებიან.

საქმის პროკურორი,ანა ხუბეჯაშვილი ამტკიცებს, რომ ეს არის უშუალოდ საექსპერტო კვლევის ფარგლებში გამოსაკვლევი საკითხები, რომლებიც სხვა ექსპერტების მიერ, როდესაც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, მათ გამოიკვლიეს.

“რა თქმა უნდა, მოვა შესაბამისი ეტაპიც, რომ ამ პირებსაც დაესმებათ შესაბამისი კითხვები“, - ამბობს პროკურორი.

მისივე თქმით, ხელის კვალის კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, ვიდეოჩანაწერში ჩანს და შემდეგ მიმდებარე კვალის კვლევის შედეგად დადგინდა ის ყველაფერი, რაზედაც საუბრობენ.

ადვოკატი კი ამბობს, რომ ვიდეო, მისი შინაარსის მიხედვით, არაიდენტიფიცირებადია, რადგან მასზე ძალიან ბევრი ადამიანი ჩანს.

ის ფაქტი, რომ ვიღაცამ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, ამ ვიდეოფაქტზე დაყრდნობით, შეუძლებელს ხდის ვინმეზე ხელის დადებას და ბრალდების წარდგენას. საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ ნეიტრალური მოწმე ვერ იპოვეს და მაინცდამაინც, წყლის ჭავლის ავტომობილის მმართველი და პოლიციელი, რომელიც 20-40 მეტრის მოშორებით, ბუღში დგას, ასე კონკრეტულად აღწერენ ადამიანებს, რომ წერტილ-მძიმეც კი არ არის ოქმებში შეცვლილი“, - ამბობს ადვოკატი.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდა მხოლოდ ზასოხაშვილი, რაც შეეხება ლომიძეს, როგორც ადვოკატმა განმარტა, მას დაკავების მომენტში, პოლიცია ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა და სწორედ ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ბოლო ორი სხდომაა, პროცესებს ვეღარ ესწრება.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები