"საზმაუს მცველების“ წევრი, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზეზით, სამსახურიდან გაათავისუფლეს

28.02.25 19:24
"საზმაუს მცველების“ წევრი, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზეზით, სამსახურიდან გაათავისუფლეს

საზმაუს მცველების წევრს, ანა მეტრეველს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა, მიზეზად კი ხარჯების ოპტიმიზაცია დაუსახელა.

ინფორმაციას მოძრაობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები" ავრცელებს.

მოძრაობა ფაქტს საზმაუს მცველების წევრების წინააღმდეგ მიმართულ აქტად აღიქვამს, ღიად გამოხატული კრიტიკის გამო.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა საზმაუს მცველების წევრს, ანა მეტრეველს. დღეს მისი ბოლო სამუშაო დღეა.

საბაბად ხარჯების ოპტიმიზაციაა დასახელებული.

ანას თანხმობით ვასაჯაროებთ მის ხელფასს, რომელიც ხელზე 490 ლარს შეადგენდა.

ანას საზმაუს HR-მა აცნობა, რომ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ვერ ხერხდება სატელევიზიო ეთერის აღდგენა, ვინაიდან ახალ შენობაში გადასვლა გაჭიანურდა, ხოლო გადაცემები, რომლებზეც ანა მუშაობს, რჩება რადიოეთერში, მაგრამ ანას პოზიციის, პროდიუსერის ასისტენტის საჭიროება აღარ არის. 
მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული ანა მეტრეველის უშუალო პროდიუსერებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველდღიურად ორი რადიოეთერის ორგანიზებას სჭირდება ასისტენტი.
არხის მენეჯმენტმა ვერ უზრუნველყო დროული გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც 100 მილიონზე მეტი დაჯდა, ოპტიმიზაციას კი მცირეხელფასიანი თანამშრომლის გაშვებით ახდენს. 
ჩვენ ამ ფაქტს საზმაუს მცველების წევრების წინააღმდეგ მიმართულ აქტად აღვიქვამთ, ღიად გამოხატული კრიტიკის გამო", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.