"რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში, კანადა გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას"- ტრუდო

ზელენსკისა და ტრამპს შორის გამართულ აუდიენციას კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ეხმაურება.
როგორც ის პლატფორმა X-ზე წერს, კანადა გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
რუსეთი უკანონოდ და გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. უკვე სამი წელია, უკრაინელები გაბედულად და გამძლეობით იბრძვიან. მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის არის ბრძოლა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კანადა გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", - წერს ტრუდო.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.