რეპრესიები ჟურნალისტების წინააღმდეგ - "სავარაუდოდ, შსს-ს თვალში მოვუხვდი და დაშინებას ცდილობს"
სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი რეჟიმს კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ რეპრესიებში ადანაშაულებს - ქეთი თუთბერიძე "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ გუშინ სატელეფონო კომუნიკაცია მასთან უცნობმა ქალმა დაამყარა, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებლად გაეცნო.
ქეთი თუთბერიძეს მამამისის სახელზე რეგისტრირებული სამი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კითხვები დაუსვეს და უთხრეს, რომ აღნიშნულ იარაღებს ეძებდნენ - "მამა გარდაიცვალა 2002 წლის 6 სექტემბერს, გარდაცვალების შემდეგ ჩვენ იარაღები გავყიდეთ."
ქეთი თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ვახო გომელაურის უწყება საეჭვო ზარებით გამომძიებელი ჟურნალისტის დაშინებას ცდილობს - "დისტოპიური სცენარივით არის".
დამირეკა ქალმა, რომელიც გამეცნო გამომძიებლად ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან და მითხრა, რომ მამაჩემის სახელზე არის რეგისტრირებული სამი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც არ არის გადაფორმებული და არის ჰაერში გამოკიდებული. მკითხეს სად არის იარაღები. მამა გარდაიცვალა 2002 წლის 6 სექტემბერს, მე მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი. გარდაცვალების შემდეგ ჩვენ იარაღები გავყიდეთ. დედას არ უნდოდა, რომ სახლში ყოფილიყო.
საუბარი არის სანადირო თოფზე და გაზის პისტოლეტზე, რომელიც მე თვალით არ მინახავს. დისტოპიური სცენარივით არის. სამი იარაღის შესახებ არც მსმენია, რომ მამაჩემს ჰქონდა. ვუკავშირებ ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას. ბოლოს გავაკეთე პოლიტპატიმრების საქმეებში მონაწილე პოლიციელებზე. ესენი არიან დგებუაძე, ქავთარაძე და ა.შ.. "ტვ პირველსაც" არაერთხელ ჰქონია გამოძიებები. გარდა ამისა, "ტვ პირველის" ეთერიდან მე მივმართე ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე საკმაოდ კრიტიკულად, ოღონდ არა როგორც ჟურნალისტმა, არამედ აქტივისტმა. შეიძლება ძალიან მოვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თვალში, ან დაშინებას ცდილობენ". - განაცხადა ქეთი თუთბერიძემ.