20 წლის ფეხბურთელის საქმე - საქალაქოში ბრალდებული ექიმის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს - რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ექიმი, ქეთევან ლობჟანიძე საბრალდებო სკამზე ზის.
გამოძიების ვერსიით, ლობჟანიძემ პაციენტს მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელი კვლევების ჩატარების გარეშე დაუნიშნა, რამაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე მიაყენა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები ყველა იმ ექიმის გასამართლებას ითხოვენ, რომლებმაც მათი მოსაზრებით, ახალგაზრდა ბიჭს სიკვდილი მოუსწრაფეს.
ჩემი პოზიცია რომ იყოს დაზარალებულის პოზიცია და, როგორც მოკლულის ოჯახის წევრის პოზიცია, ის ყველა ექიმი დასაჭერია. დამნაშავეთა წრე უნდა გაიზარდოს არა მარტო ორი ექიმით, არამედ ყველა ის მედ ერსონალი, რომელმა მედპერსონალმაც უშუალოდ მიიღო ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა", - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა.
ბრალდების მხარის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში თავიდანვე არასწორად წარიმართა მკურნალობა, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია.
ეს იყო პირველი ექიმი, რომელმაც მიიღო პაციენტი და საქმის მონაცემების მიხედვით, მან ვერ გაარჩია ვირუსული და ბაქტერიული დაავადება, როდესაც სახეზე იყო ყველა მონაცემით იყო ბაქტერიული დაავადება. მან ყველა კვლევის გარეშე დაუწყო ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რამაც გამოიწვია პაციენტის დამძიმება და რეანიმაციაში გადაყვანა", - ამბობს ბრალდების მხარე.
სხდომის დაწყებამდე ქეთევან ლობჟანიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ჟურნალისტების კითხვებს პასუხები მისმა უფლებადამცველმა გასცა.
ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის სამართლებრივად ბრალდებული, რადგან როდესაც ვახტანგ ჩარკვიანი საავადმყოფოში შეიყვანეს, ქეთევან ლობჟანიძე მორიგე ექიმი იყო და პაციენტთან რამდენიმესაათიანი შეხება ჰქონდა.
მისივე თქმით, ლობჟანიძემ ჩაატარა კვლევები და მკურნალობა პროტოკოლის შესაბამისად წარმართა.
არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ ქეთევან ლობჟანიძე იყო გარდაცვლილის მკურნალი ექიმი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ის იყო თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმი და მას გარდაცვლილთან ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე საათიანი შეხება, რაც შეეხება ბრალს მე გადმომეცა მასალები, სრული მოცულობით ვერ გავეცანი, თუმცა დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ იყო კატეს პასუხი, რომ ეს იყო ბაქტერიული პნევმონია, იყო სისხლის საერთო ანალიზი და მოქმედნი გაიდლაინებით, რომელიც იმ დროს მოქმედებდა პნევმონიით დაავადებული Covid პაციენტების მკურნალობასთან მიმართებაში, დაუყოვნებლივ ანტიბიოტიკის დაწყება იყო მოწოდებული ", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.