"სოფელ ასკანაში მესამე დღეა დახმარება დევს და არ არიგებენ, გამგებელს სძინავს" - სტიქიის ზონაში დარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს
გურიის ოცამდე სოფელში საფეხმავლო გზაც კი არ არის გაწმენდილი - სტიქიის პირისპირ მარტო დარჩენილი ხალხი შველას ითხოვს. მოსახლეობა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. არის საკვების, მედიკამენტების პრობლემა.
სტიქიის მე-7 დღეს კი ადგილობრივები "პირველებს" აწვდიან ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებსა თუ მათ აქტივისტებს დასახმარებელთა სია აქვთ გაწერილი, თუმცა სია ფასადურ ხასიათს ატარებს.
მოქალაქეების ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დახმარებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილ ხალხს არ ურიგებენ.
სოფელ ასკანაში მესამე დღეა დახმარება დევს და არ არიგებენ. გამგებელს სძინავს" - ნათქვამია "პირველებისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში.
"პირველებმა" სცადა "ქართული ოცნების" წარმომადგენლისგან პასუხების მოსმენა, თუმცა ირაკლი ჯაველიძე ჟურნალისტის კითხვებს გაექცა.