"გამგებელს წამლების არ მოტანის გამო საყვედური ვუთხარი - ბოდიშის მოხდის ნაცვლად შემაგინა" | გურიის მკვიდრი
ლანძღვა დახმარების ნაცვლად - სტიქიის პირისპირ მარტო დარჩენილი მოსახლეობა "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს უდიერად მოპყრობაში ადანაშაულებენ.
გურიის მკვიდრი "პირველებს" უყვება, რომ სახლში მცირეწლოვანი სიცხიანი ბავშვი ჰყავს, რომელსაც მედიკამენტები ესაჭიროებოდა, თუმცა მოლიპული და დათოვლილი გზის გამო ვერც აფთიაქში საყიდლად გადიოდა და მათთან ოჯახში ვერც სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ მისვლას.
სწორედ ამიტომ მოქალაქემ დახმარების თხოვნით გამგებელს მიმართა. თუმცა "ქართული ოცნების" ჩინოვნიკმა დაპირების გაცემის მიუხედავად, ოჯახს შესაბამისი მედიკამენტები არ მიაწოდა. ბავშვის მამის მიერ გამგებლისთვის საყვედურის გამოცხადების შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირმა მოქალაქეს აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ასაკოვანი დედა, ორსული რძალი, ბავშვი მყავს სიცხიანი. გზა არ გადის. 112-ში რომ დავრეკე, სასწრაფოს გამოგიგზავნითო. სასწრაფო ვერანაირად ვერ მოვა აქ. რწმუნებულმა დამირეკა, გამგებელი მოგაწვდის წამალსო. მივწერე გამგებელს წამლების რეცეპტი, უნდა მოეტანა წამლები, მაგრამ წამალი არ მოუწოდებია. გუშინ ამოვიტანე ქალაქიდან წამლები. ვიყიდე ცენტრში. ცენტრშივე იყო გამგებელი. მისი მოედანი მოპრიალებული იყო, სოფელი ფეხებზე დაგვიკიდა. "მადლობა რომ გადავუხადე წამლების მოტანისთვის", შემოტრიალდა და შემაგინა. ბოდიშის მოხდის მაგივრად, დედა შემაგინა. საყვედური რომ ვუთხარი, შემოტრიალდა და შემაგინა". - განაცხადა მოქალაქემ.