"51 წელი მისრულდება და ასე ამაყად არასოდეს შევხვდები" - სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

01.03.25 15:42
"51 წელი მისრულდება და ასე ამაყად არასოდეს შევხვდები" - სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

 "ტვ პირველის" რედაქციამ გლდანის საპყრობილიდან სინდისის პატიმრის წერილი მიიღო - ვასილ კაძელაშვილი, რომელიც დღეს იუბილარია, თანამებრძოლებს საკნიდან ამხნევებს. 

გისოსებს მიღმა გამოკეტილი კაცი მადლობას ეუბნება ყველას, ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის ქუჩიდან დაუღალავად იბრძვის. 

პირველ რიგში, მინდა მადლობა გითხრათ ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. იმ იმედის მოცემისთვის, რასაც ვგრძნობ სულ. მადლობა თითოეულ ადამიანს მხარში დგომისთვის. მეამაყება თითოეული თქვენგანი. მოკითხვა იმ ხალხით გადაჭედილ რუსთაველს, საიდანაც სიყვარული იფრქვევა. მადლობა იმ ტელევიზიებს, რომლებიც დღე და ღამე აშუქებენ, თუ რა ხდება ყოველ საღამოს.

მადლობა იმ გმირ ჟურნალისტებს, რომლებიც უშიშრად აშუქებენ ყველაფერს, თითოეული გმირია. მადლობა "ტვ პირველს" ჩემი სახელის ხსენებისთვის, რომ არასოდეს გავიწყდებით, სულ ვუყურებ. აქედან გამხნევებთ და მინდა თქვენ გვერდით ყოფნა, ყველა მაგარი ადამიანები ხართ.

მადლობა კახა ჟღენტს, რომ ამდენი კარგი, ძლიერი და პატიოსანი ადამიანი გამაცნო. მეამაყება თითოეული თქვენგანი და მიყვარხართ. ტელევიზორში თითოეულის დანახვისას გული მინათდება, ამდენ ხალხთან წინა რიგებში რომ გხედავთ. მინდა სახელებით მოგიკითხოთ, მაგრამ მეშინია არ დაგაზიანოთ. მიყვარხართ.

1 მარტს 51 წელი მისრულდება და ასე ამაყად არასოდეს შევხვდები, როცა ამდენი ადამიანი გამხნევებს. თქვენ და მთელი საქართველო იბრძვის ჩემი და იმ 50 პატიმრის თავისუფლებისთვის. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც 93 დღეა გვამხნევებენ და ესე უყვართ თითოეული ჩვენგანი. 

მე აქ ბევრი რამ გადამხდა, მაგრამ ახლა არ ღირს წუწუნი. მე ყველაზე ძვირფასი - ღირსება გამაჩნია, რასაც ვერ შეველევი. გქონდეთ იმედი მომავლის და ჩემი! მადლობა გვერდში დგომისთვის. აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად! მადლობა ყველას, მადლობა გვერდში დგომისთვის და ბოლოს, მადლობა მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ჩემს მეგობარ კახა ჟღენტს." - ნათქვამია წერილში. 

ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილი 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. მას რეჟიმი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და აფეთქების მომზადებას გულისხმობს.