"არავინ მოსულა, მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როდესაც არჩევნებია" - გურიაში, ე.წ. შანხაის მკვიდრებს ზევიდან ათოვთ
სტიქია გურიაში - ოზურგეთში, ე.წ. შანხაის დასახლებაში ვითარება უკიდურესად კრიტიკულია. დიდთოვლობის გამო, სახლების სახურავები ნაწილობრივ დანგრეულია. ადგილობრივებს ყოფნა ისეთ საცხოვრებლებში უწევთ, სადაც, ფაქტობრივად, ზევიდან ათოვთ.
მოქალაქეები, რომელთაც ბოლო ერთი კვირაა უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება, "პირველებთან" ამბობენ, რომ ადგილზე თანამდებობის პირები არ გამოჩენილან და მიუხედავად გამძვინვარებული სტიქიისა, მათთვის დახამრებაც არ გაუწევიათ.
პენსიონერი "პირველებთან" საუბრის დროს იმასაც აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს საკუთარი მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება.
არავინ მოსულა. აქ მოდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევნების დრო არის. 85 წლის ქალია, არავინ აქცევს ყურადღებას." - განაცხადა ადგილობრივმა.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.