ოლიგარქის პარლამენტი მედიაცენზურის კანონის პირველი მოსმენით დასამტკიცებლად ემზადება
ოლიგარქის პარლამენტი მედიაცენზურის კანონის პირველი მოსმენით დასამტკიცებლად ემზადება. "ოცნების" წევრების მომზადებული დოკუმენტი ნახევარ საათში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ, ხვალ კი, დიდი ალბათობით, სესიაზე გაიტანენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს, რომ ადაიანებს ობიექტური სიმართლე ესმოდეთ და უნდა, მთელ ქვეყანას თავს საკუთარი პროპაგანდა მოახვიოს. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიზანია, ალტერნატიული რეალობა შექმნას.
სწორედ კრიტიკული მედიაა ის, ვინც ადამიანებს ეხმარება კრიზისულ სიტუაციებში, მათ შესახებ სიმართლეს ავრცელებს საზოგადოებაში და ეს სიმართლე არის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მუდმივად ხელს უშლის და აღიზიანებს, რომ თავისი პროპაგანდა მოახვიოს თავს მთელ ქვეყანას. ამიტომ ახლა მათი ამოცანაა, რომ ეს კუნძული თავისუფლების კრიტიკული მედიის სახით, ესეც მოაშთონ და როგორმე გააჩერონ, იმიტომ, რომ მათ სურთ, შექმნან ალტერნატიული რეალობა და ტყუილებში ჩაძირონ ქვეყანა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ამავე აზრს იზიარებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილი თავისუფალ მედიას უკვე დიდი ხანია ემტერება და ახლა მის გაქრობას დრაკონული კანონებით ცდილობს. მისი თქმით, მსგავის ქმედებებით ოლიგარქი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რეჟიმი პუტინის ანალოგს სულ უფრო ემსგავსება.
ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი აზრი, კრიტიკული აზრი არის ძალიან პრობლემური. მას სურს, რომ მხოლოდ პროპაგანდისტული არხები ფუნქციონირებდნენ და ადამიანებმა ვერ გაიგონ სიმართლე. ამიტომ ემტერება რახანია ივანიშვილი თავისუფალ მედიას და ახლა უკვე დრაკონული კანონებით ცდილობს, რომ გააუქმოს და დახუროს თავისუფალი მედიები და განსაკუთრებით ტელევიზიები. ივანიშვილი ამით ამტკიცებს ყოველდღიურად, რომ სულ უფრო და უფრო ემსგავსება მისი რუსული რეჟიმი პუტინის ანალოგს, - ამბობს ბოკუჩავა.
რეჟიმი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ახალი რეგულაციებით, მათ შორის ფინანსური შეზღუდვებით აპირებს. გარდა ამისა, კანონპროექტი კომუნიკაციების კომისიას ანიჭებს უფლებას, დააჯარიმოს ტელევიზიები თუ ისინი არ დაიცავენ "ოცნებისთვის" სასურველ „სამართლიანობის“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს.