მხარდაჭერა სინდისის პატიმრის დედებს- რეჟიმის ტყვეების მშობლები ყვავილებს სრულიად უცნობი ადამიანებისგან დილიდან იღებენ

03.03.25 13:32
მხარდაჭერა სინდისის პატიმრის დედებს- რეჟიმის ტყვეების მშობლები ყვავილებს სრულიად უცნობი ადამიანებისგან დილიდან იღებენ

სინდისის პატიმრის დედები დილიდან ყვავილებს სრულიად უცნობი ადამიანებისგან იღებენ-ამ ფორმით უცხადებენ მხარდაჭერას და სოლიდარობას მოქალაქეები დედის დღეს იმ დედებს, ვისაც რეჟიმმა შვილები წაართვა და ციხეებში გამოგონილი ბრალდებებით გამოკეტა.

რეჟიმის პატიმრის დედები ემოციებს ვერ მალავენ და ამბობენ, რომ ყველა დედას უნდა ჰყავდეს გვერდში საკუთარი შვილი, რათა მათი მოფერება და მათთან დალაპარაკება შეძლონ.

ნიკა, დე, მიყვარხარ, ძალიან მიჭირს უშენობა. ყველა დედას მინდა, რომ თავისი შვილი გვერდში ჰყავდეს, რომ შეძლოს თავისუფლად დალაპარაკება, მოფერება და ეს ტკივილამდე მონატრება არ ყოფილიყოს. ყველა დედას მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდით, რათა ვიყოთ ბევრნი და ჩვენი სიძლიერე კიდევ ერთხელ დავანახოთ ე.წ. მთავრობას“, - ამბობს ნიკა კაციას დედა.

ისინი ასევე მოუწოდებენ “ოცნების“ ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მათი შვილები საპყრობილეებიდან, რადგან მათი შვილები სამშობლოს სიყვარულისთვის არიან დატყვევებულნი.

გაანთავისუფლონ საპყრობილედან, დედის დღე რომაა, მაგიტომ არ მივმართავთ, მივმართავთ ყოველ დღე. ციხეში წასასვლელები არიან თვითონ, ამ ბავშვებს არაფერი დაუშავებიათ, ესენი არიან სამშობლოს სიყვარულისთვის დატყვევებულები, ამიტომ, ჯერჯერობით, წყნარად, მშვიდად მივმართავთ, არავის ვემუქრებით, მაგრამ იცოდნენ, რომ გამწარებული დედის პოზიცია არის ძალიან მძიმე, ეს გაითვალისწინონ“, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.

ყვავილები მიუტანეს არჩილ მუსელიანცის დედობილსაც, რომელიც ამბობს, რომ ამ ყვავილებს არჩილის დედას საფლავზე მიუტანს.

ემუქრებოდნენ, რომ დაედო ხელი ვინმესთვის, ოპოზიციონერებისთვის, ეუბნებოდნენ, რომ შენს ოჯახს ასე ვუზამთ, ისე ვუზამთ. ადვოკატისგან ვიცით, რომ არჩილი უსმენდა, უსმენდა და მერე უთქვამს, ჩემს ოჯახს ვერაფერს უზამთ, რადგან მე ოჯახი არ მაქვს. მერწმუნეთ, რომ მას ჩემს შვილებში უკვე აღარ ვასხვავებ და ახლა მივდივარ და დედამისს საფლავზე მინდა მივუტანო ეს ყვავილები, რომელიც დედამისის ნაცვლად მომიტანეს“, - ამბობს მუსლიანცის დედობილი.

სინდისის პატიმრებმა დედებს საგანგებო წერილები უკვე მისწერეს და დედები ამბობენ, რომ სწორედ “ტვ პირველის“ ეთერიდან ისინი საკუთარ შვილებს უპასუხებენ და ეტყვიან, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, საკუთარი შვილების თავისუფლებისთვის.

პროტესტის 96-ე დღეს, 20:00 საათზე, ფილარმონიასთან იკრიბება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმმა 51 სინდისის პატიმარი ციხეში უკანონოდ გამოკეტა. 

“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“ - ასე ჰქვია აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკანონო პატიმრების ციხეებიდან გამოშვება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა.

მსგავსი სიახლეები