“ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ღირსეული შვილები აღზარდეს“ - დედების მარშს ხელოვანებიც შეუერთდებიან
პროტეტის 96-ე დღე საქართველოში განსხვავებული იქნება- დედების მარშს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდება.
რეჟიმის მძევლების დედების გვერდით დღეს ასევე დადგებიან მუსიკოსები, მსახიობები და რეჟისორები. როგორც ისინი ამბობენ, დედებმა უნდა იგრძნონ, რომ საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა, სიყვარული და სიმპატიაა.
“ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ღირსეული შვილები აღზარდეს“- აცხადებენ ხელოვანები.
ვფიქრობ, დედის დღე მსოფლიო დღეა და დედა და დედობა განსაკუთრებული გრძნობა. დღეს 8 საათზე, ფილარმონიიდან, იქნება სიმბოლური დედების მარში. ეს იქნება ხმა, სინდისის პატიმრებისთვის, რომ ყოველთვის მშობლები, დედები საკუთარი შვილების გვერდით დგანან და იბრძოლებენ ბოლომდე, ვიდრე მათთვის მშვიდობიანი მომავალი არ დადგება - ამბობს მომღერალი, ნინო ქათამაძე.
ის დედები, რომელთა შვილებიც არიან დაპატიმრებულები, თავს უნდა გრძნობდნენ ისე, რომ მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა, სიყვარული და სიმპატია იყოს. რაღა თქმა უნდა, ამ ქარში და უსიამოვნო ამინდშიც მათ გამო, მათი მხარდასაჭერად გავალ მეც დღეს, აუცილებლად ,ფილარმონიასთან. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ღირსეული შვილები აღზარდეს და ყველა ის დედა, რომელთა შვილი სხვადასხვა დროს შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას, უნდა გრძნობდეს თავს დაფასებულად“, - აცხადებს მომღერალი ქეთათო.
როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში დეგეგმილია რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესები და როგორც მოქალაქეები ამბობენ, პროტესტი გარდა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიისა, ასევე იქნებ სასამართლოსთანაც.
სინდისის პატიმრების მშობლების საპროტესტო მსვლელობა თბილისში ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება. შეკრების ადგილი ფილარომონიაა. “ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“ - ასე ჰქვია აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკანონო პატიმრების ციხეებიდან გამოშვება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა.