საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, პროკურორები, პოლიციელები - ვინ დაასანქცირა ლიეტუვამ?

03.03.25 19:56
საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, პროკურორები, პოლიციელები - ვინ დაასანქცირა ლიეტუვამ?

ვინ მოხვდა ლიეტუვის მიერ დასანქცირებულთა სიაში? - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქცირებულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, პროკურორები და პოლიციელები, რომლებმაც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცეს. 

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიეტუვამ შავ სიაში ჯამურად 74 თანამდებობის პირი შეიყვანა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევასა და ქართველი ხალხის რეპრესიებზე.

შავ სიაში ახლად შეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, ასევე დიდი რაოდენობით ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის, ვინც ცრუ ჩვენება მისცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და შეუწყო ხელი მის უკანონო დაკავებას. ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა ხელისუფლების არასათანადო ქმედებებთან დაკავშირებით და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომლებიც 100 დღეზე მეტია აპროტესტებენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სისტემურ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს. 

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების შესახებ და დაიწყეს ფართომასშტაბიანი დარბევა მომიტინგეების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ." - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირის სამმა ქვეყანამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების ახალი და ყველაზე მასშტაბური პაკეტი აამოქმედა. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უვადო სანქციები რეჟიმის მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, პოლიტიკოსებს და პროპაგანდისტებს დაუწესა. ყველა, ვინც შავ სიაში მოხვდა, პერსონა ნონგრატად ცხადდება. მათ სინდისის 52 პატიმრის საქმეების გაყალბება, ცრუ ჩვენების მიცემა და საქმეების შეკერვა არ აპატიეს. 

ასევე ნახეთ: