თბილისის ქუჩებში მსვლელობა იმართება - დედების მარშში მონაწილეობას პრეზიდენტი ზურაბიშვილიც იღებს
"ხელი გაუშვი, ჩემი შვილია" - ამ მოწოდებით სინდისის პატიმრების მშობლებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. რეჟიმის ტყვეების დედები, რომლებიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ, პარლამენტისკენ მიემართებიან.
სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯილი ახალგაზრდების დედების გვერდით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დგას. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქუჩაში სწორედ ოთხ კედელში გამოკეტილი შვილების თაობის მშობლების მხარდასაჭერად გავიდა.
დღევანდელი საპროტესტო აქციის მიზანი ერთია, შეუქმნან "ქართულ ოცნებას" დისკომფორტი და რეჟიმს უკან დაახევინონ. სინდისის პატიმრის დედები და ყველა ის მოქალაქე, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს სოლიდარობას უცხადებენ, ახალგაზრდებისთვის ციხის კარის გახსნას ითხოვენ.