"დღევანდელი დღე მძიმეა - ყველა დედა ერთად, ჩვენი შვილების გარეშე ვართ" - ლიკა გუნცაძე
სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა "დედების მარშში" იღებს მონაწილეობას. ლიკა გუნცაძის თქმით, დღევანდელი დღე რეჟიმის ტყვეების მშობლებისთვის მძიმე დღეა.
ლიკა გუნცაძე ბალტიის ქვეყნების მიერ პოლიციის მაღალჩინოსნების, პროკურორებისა და მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ სანქციები გაგრძელდება.
სანქციები მხოლოდ დასაწყისია, სანქციები გაგრძელდება. ძალიან კარგია, გახარებულები ვართ ყველა. დღევანდელი დღე არის მძიმე ჩვენთვის. დღეს არის დედის დღე და ჩვენ ყველა დედა ერთად ვართ ჩვენი შვილების გარეშე. ანდროს ვეტყოდი, რომ იყოს მხნედ. მიყუროს, რომ მე ვარ ძალიან მხნედ, მთელი დედების ჯარი ერთად ვართ და ჩვენ შევძლებთ ყველაფერს", - ამბობს ლიკა გუნცაძე.
სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯილი ახალგაზრდების დედების გვერდით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დგას. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქუჩაში სწორედ ოთხ კედელში გამოკეტილი შვილების თაობის მშობლების მხარდასაჭერად გავიდა.
დღევანდელი საპროტესტო აქციის მიზანი ერთია, შეუქმნან "ქართულ ოცნებას" დისკომფორტი და რეჟიმს უკან დაახევინონ. სინდისის პატიმრის დედები და ყველა ის მოქალაქე, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს სოლიდარობას უცხადებენ, ახალგაზრდებისთვის ციხის კარის გახსნას ითხოვენ.