ხვალ ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს და იმედია, ამ დროისთვის მინერალების შეთანხმებაზე ხელი მოწერილი ექნება - მეურმიშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის თეთრ სახლში გამართულ დაძაბულ შეხვედრას "საიფერ ბრიფის" უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი, ია მეურმიშვილი "ტვ პირველის" ეთერში აფასებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ჟურნალისტი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ოვალურ კაბინეტში შემდგარი აუდიენცია, მხოლოდ და მხოლოდ, დიქტატორი პუტინისთვის იყო მომგებიანი.
ია მეურმიშვილი მინერალების შეთანხმებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ წიაღისეულის ხელშეკრულება არ არის ის შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის სრულად მისაღებია, თუმცა ჟურნალისტის განმარტებით, აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრება რთული იქნება.
"ხვალ პრეზიდენტი ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს და იმედია, რომ ამ დროისთვის შეთანხმებაზე ხელი მოწერილი ექნება" - აღნიშნავს ია მეურმიშვილი.
შეხვედრა არ დამთავრდა არავისთვის კარგად, გარდა ვლადიმერ პუტინისა. ვერც ამერიკამ მიაღწია საბოლოოდ საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს, რაც ჰქონდა დასახული პრეზიდენტ ტრამპს, ამ შეხვედრიდან და რა თქმა უნდა, უკრაინამ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო თანხმობა და გაცხადებული იყო, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა, ეს არ მოხდა. ანუ, საბოლოოდ, ვერც უკრაინამ ვერ მიიღო ხელმოწერის შედეგად შეერთებული შტატების კეთილგანწყობილი დახმარება იქნება ეს, თუ ურთიერთობის გამყარება. ორივე ქვეყანა დარჩა უცნაურ სიტუაციაში. ამის შემდეგ უკვე მერამდენე დღეა ვხედავთ, გაგრძელებას იმისა, რაც 28 თებერვალს დაიწყო და დღესაც ძალიან რთულია გადაჭრით განცხადების გაკეთება, თუ რა შედეგი მოჰყვა 28 თებერვლის შეხვედრას, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ საათში იცვლება სიტუაცია. ხვალ პრეზიდენტი ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს და იმედია, რომ ამ დროისთვის შეთანხმებაზე ხელი მოწერილი ექნება და ამერიკა უკრაინა დაუბრუნდება ნორმალიზებულ ურთიერთობას, იმიტომ რომ ასე გაურკვევლობაში ყოფნა ყველასთვის რთულია.", - ამბობს ია მეურმიშვილი.